აღვნიშნეთ, რომ ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის მზად იყო ნებისმიერ საერთაშორისო აქტორთან დეტალურად განეხილა ჩვენ მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტთან დაკავშირებით. კერძოდ, პაატა სალია უკვე შეხვდა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში. დაგეგმილია ასევე შეხვედრები კიდევ ორ მოადგილესთან.
პაატა სალიას თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს იმაზე, თუ რამ გამოიწვია ცვლილებების მიღება და რომ ეს ცვლილებები არავითარ შემთხვევაში არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ პრინციპებს.
„ამ შეხვედრებზეც ძირითადი სასაუბრო თემა არის ის რეფორმები, რომლებსაც ახორციელებს საქართველო საჯარო მმართველობის სფეროში. დღეს გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა ადამიანის უფლებების სფეროში განხორციელებული რეფორმების თაობაზე. გვქონდა საუბარი იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც ბოლო პერიოდში განხორციელდა საქართველოში და რომელსაც კრიტიკულად აფასებს ბევრი საერთაშორისო აქტორი, თუმცა ჩვენ გამოვხატეთ მზადყოფნა დიალოგისთვის, დეტალური განხილვისთვის. აღვნიშნეთ, რომ ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის მზად იყო ნებისმიერ საერთაშორისო აქტორთან დეტალურად განეხილა მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები.
ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ რამ გამოიწვია ცვლილებების მიღება და ვისაუბრეთ იმაზეც, რომ ეს ცვლილებები არავითარ შემთხვევაში არ ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციურ პრინციპებს. არ ეწინააღმდეგება დემოკრატიის ძირითად პრინციპებს და სწორედ ამ საკითხებზე იყო საუბარი გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ იმ რეფორმებზე, რომლებიც განხორციელდა პენიტენციურ სისტემაში. აღვნიშნეთ, რომ საქართველო უკვე დიდი ხანია ამ ხელისუფლების პერიოდში, დაახლოებით ერთი ათეული წელია, რაც აღიარებულია წამებისგან თავისუფალ ზონად. ვისაუბრეთ იმაზე, რომ არცერთი საჩივარი,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იქნება თუ სხვა ნებისმიერი სასამართლო, ციხეებში ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით არ შესულა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში.
შესაბამისად, ასევე გამოვხატეთ მზადყოფნა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები მომავალშიც გავიზიაროთ და კიდევ უფრო დავხვეწოთ, გავაუმჯობესოთ სასჯელაღსრულების სისტემა. ეს იყო ძირითადი სასაუბრო თემები ადამიანის უფლებათა ნაწილში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან“, - აღნიშნა მან.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |