ლუქსემბურგის პარლამენტის თავმჯდომარეს ინფორმაცია მივაწოდეთ საქართველო-ევროკავშირს შორის უთანხმოებაზე, თუ რა იყო ამის ძირითადი მიზეზები. ვუამბეთ საგარეო ჩარევაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის არჩევნებში რიგი ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან განხორციელდა, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ განაცხადა, რომ ევროკავშირთან დიალოგისთვის მზად არიან.
„შეხვედრაზე დავაფიქსირეთ, რომ საუბრისა და დიალოგისთვის მზად ვართ. ლუქსემბურგის პარლამენტის თავმჯდომარესაც კითხვა ჰქონდა, როგორ ვხედავთ ამ ურთიერთობების განვითარებას. საუბარში ახსენა, რომ 2023 წელს ლუქსემბურგმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა. ზოგადად, ლუქსემბურგი საქართველოს ევროინტეგრაციას მხარს უჭერს. შევთანხმდით, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. ლუქსემბურგის პარლამენტის თავმჯდომარემ გვითხრა, რომ ევროკავშირს რაიმე კრიტიკული კითხვები თუ აქვს, ეს დიალოგის ფორმატში უნდა იყოს განხილული. აღნიშნა, რომ კარგი იქნება, თუ ქართული მხარე ვიზიტით ჩავა ლუქსემბურგში და ინფორმაციას მიაწვდის ლუქსემბურგელ დეპუტატებს, რა ხდება საქართველოში. ის დაინტერესდა საქართველოს უსაფრთხოებაზე, შავი ზღვის რეგიონზე კონფლიქტების, რუსეთ-უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის ომის გავლენით. მეგობრული შეხვედრა გვქონდა. ლუქსემბურგის პარლამენტთან ეს ურთიერთობა გაგრძელდება. ლუქსემბურგს მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ საქართველოს გაცხადებული აქვს სურვილი, 2027 წელს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა გახდეს. მას ვთხოვეთ, ლუქსემბურგის ხელისუფლებამ მხარი დაგვიჭიროს. ჩვენი კანდიდატურა ჯერ არავის დაუბლოკავს. ეუთო-ში ერთხმოვანების პრინციპია. ერთი ქვეყანა თუ წინააღმდეგია, მაშინ კანდიდატურა იბლოკება. ჯერ ეს არ მომხდარა. წლის ბოლომდე ბევრი დროა და ჩვენი სურვილია, გავხდეთ თავმჯდომარე ქვეყანა. პარტნიორ სახელმწიფოებთან ვიმუშავებთ, რომ საქართველოს ეუთო-ს თავმჯდომარეობაზე ხმა მისცენ. ლუქსემბურგის პარლამენტის თავმჯდომარემ ჩვენი სურვილის თაობაზე არ იცოდა, თუმცა დაგვპირდა, რომ მთავრობასთან ამ საკითხს განიხილავს. დარწმუნებული ვარ, ლუქსემბურგი მხარს დაგვიჭერს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |