რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა იმ კომპანიების სია ევროპაში, რომლებიც უკრაინისათვის დრონებს ამზადებენ. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა, რომ ეს კომპანიები რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის პოტენციურ სამიზნეებს წარმოადგენენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ნუსხაში 11 საწარმო მოხსენიებულია უკრაინული კომპანიების ფილიალებად. ეს კომპანიები მდებარეობს ლონდონში, მიუნხენში, რიგაში, ვილნიუსსა და პრაღაში.
ამასთან, რუსეთის თავდაცვის უწყების ჩამონათვალში მოხვდა ის კომპანიები, რომლებიც, კრემლის შეფასებით, დრონებისთვის და სხვა შეიარაღებისთვის საჭირო კომპონენტებს ამზადებენ. ამ საწარმოების ნაწილი მდებარეობს მადრიდში, ვენეციასა და ჰაიფაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ამ ნუსხის გამოქვეყნების მიზანია „ევროპულმა საზოგადოებამ გააცნობიეროს მათი უსაფრთხოების წინაშე არსებული რისკების ჭეშმარიტი მიზეზები, და ასევე იცოდნენ „უკრაინული“ და „ერთობლივი“ საწარმოების მისამართები, სადაც უკრაინისთვის დრონებს და სხვა კომპონენტებს ამზადებენ“.
თავის მხრივ, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ნუსხაში შეყვანილ საწარმოებს რუსეთის შეიარაღებული ძალების პოტენციური სამიზნეები უწოდა.
„როდის იქცევა დარტყმები რეალობად, დამოკიდებულია იმაზე, რა მოხდება შემდგომში. მშვიდად გეძინოთ, ევროპელო პარტნიორებო“, – განაცხადა მედვედევმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |