მნიშვნელოვანია არა ჩანაწერები, მნიშვნელოვანია სწორი პოლიტიკა, „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ ეს აჩვენა, რომ სწორი პოლიტიკით ყველაზე კონფლიქტებით დახუნძლულ რეგიონშიც კი შესაძლებელია მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე საჯარო დებატები გაიმართოს.
პაპუაშვილის თქმით, საკითხი არ არის ნეიტრალიტეტსა და არანეიტრალიტეტს შორის, საკითხი არის იმ გამოწვევაზე, რომელიც ჩვენზე დამოკიდებული არ არის.
„რაც შეეხება საქართველოს, როგორც კონსტიტუციურ ამოცანებს, ეს ჩამოყალიბებულია. საკითხი არ არის ნეიტრალიტეტსა და არანეიტრალიტეტს შორის, საკითხი არის იმ გამოწვევაზე, რომელიც ჩვენზე დამოკიდებული არ არის. ჩვენს გარშემო რაც ხდება, ეს არ წყდება დეკლარაციებით, კონსტიტუციაში ჩანაწერებით და ამგვარი ტერმინების შემოტანით. ამას უნდა ბრძნული პოლიტიკა, რომელიც აარიდებს ქვეყანას კონფლიქტებს და აარიდებს იმ სირთულეებს, რომლებსაც დღეს სამყარო გადის. საქართველოს ხელისუფლება ამის მაგალითია, რომ ბოლო 14 წლის განმავლობაში საქართველოს აქვს პირველად პერიოდი, როდესაც საქართველოში ომი არ დაწყებულა, საქართველოში სამხედრო კონფლიქტი არ ყოფილა და ეს არ ხდება შემთხვევით. ბოლო 12 წელია და ბოლო რამდენიმე წელია განსაკუთრებით, ყველა წინაპირობა იყო, რომ საქართველოში დაწყებულიყო ომი. გარანტირებულად იქნებოდა ომი, რომ ზოგიერთ უცხოელს საქართველოს ხელისუფლების კაბინეტებში დახვედროდნენ ცალ ფეხზე მდგომი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები. გარანტირებულ ომს გადავრჩით ჩვენ იმის გამო, რომ ეროვნული ინტერესები დავაყენეთ ყველაფერზე მაღლა.
კიდევ ერთხელ, მნიშვნელოვანია არა ჩანაწერები და დეკლარაციები, მნიშვნელოვანია სწორი პოლიტიკა და „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ ეს აჩვენა, რომ სწორი პოლიტიკით ყველაზე კონფლიქტებით დახუნძლულ რეგიონშიც კი შესაძლებელია მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება“, - აღნიშნა მან.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |