კომიტეტის აპარატში IT-ის კარგი სპეციალისტი გვყავს და მზად ვარ, ხვალვე ბერლინში გავაგზავნო, რათა ოფიციალური ინფორმაციის შეცვლაში დაეხმაროს, - განუცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ლევან მახაშვილი შეხვდა დელეგაციას და გერმანულმა მხარემ თქვა, რომ საქართველოს შესახებ ინფორმაცია ვებგვერდზე იმიტომ არაა განახლებული, რომ ტექნიკური პრობლემაა.
„რა ვქნათ, დაველოდოთ და დავუჯეროთ. ჩვენ ადამიანების გულწრფელობის გვჯერა და ამ შემთხვევაშიც გვჯერა, რომ ეს ტექნიკური პრობლემაა, თუმცა მზად ვარ, პარლამენტიდან IT სპეციალისტი გავუგზავნო, რადგან რამდენიმე თვეა, ინფორმაცია ვერ შეცვალეს“, - აღნიშნა სამხარაძემ.
ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაგზავნილია საქართველოს ნოტა. საქმე ეხება ოფიციალური მონაცემების განახლებას. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე, საქართველოს პრეზიდენტად ისევ მითითებულია სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრად კი - ილია დარჩიაშვილი. ოფიციალური წერილის მიუხედავად მონაცემები ამ დრომდე განახლებული არ არის, ეს მაშინ, როცა გერმანიას იგივე მიდგომა არ აქვს მაგალითად, რუსეთისა და სირიის შემთხვევაში.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |