მივიღებთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას; თუ მივიღებთ მონაწილეობას, რას ვეძახით არჩევნებს; თუ არ მივიღებთ, რატომ; უნდა შევსულიყავით თუ არა პარლამენტში; რომ არ შევედით, რატომ არ შევედით; და სხვა მსგავს საკითხებზე არც ერთ შემთხვევაში მარტო არ მიმიღია გადაწყვეტილება და არც მივიღებ და ვერც მივიღებ, – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
გვარამიას თქმით, ეს არც შესაძლებელი იყო და არც ახლაა შესაძლებელი.
„არც ამის სურვილი მქონია და არც მექნება. ისევე, როგორც არასდროს არ გადამიწყვეტია მარტო მათ შორის არც დაფინანსების საკითხი (როგორც ფულის მიღების, ასევე ფულის ხარჯვის ნაწილში). ასე რომ, ყველაფერი რომ ჩემკენ მოყავს ზოგიერთ დაუძინებელ მეგობარს, პოლიტიკოსს, ჟურნალისტს თუ ამომრჩეველს/მეპროტესტეს, ერთის მხრივ, ეგოისტურად სასიამოვნოა, მაგრამ, მეორეს მხრივ, უსიამოვნოცაა, ტყუილიც და დამაზიანებელიც (პირადად ჩემთვისაც და, რაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, საქმისთვისაც). თანაც, ახლა ვინმეს სხვაზე მეტად ლიდერობის აღქმის (გინდა ჩემი, გინდა სხვისი) არც დროა და არც საჭიროება. უფრო პირიქით.
ამ ვითარებაში, ალბათ ურიგო არ იქნებოდა, ყველას დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია ყველა ზემოაღნიშნულ საკითხზე. ჟურნალისტებმა და აქტიურმა მოქალაქეებმაც უნდა იცოდნენ, რომ უხერხული და რთული შეკითხვები მხოლოდ ჩემთვის არაა განკუთვნილი. ეს არც სამართლიანია, არც რაციონალური და აჩენს განცდას, რომ თუ ყველაფერი გამოვიდა, ყველას ერთად გამოუვა. და თუ რამე არასწორად წავიდა/არ გამოვიდა, დაე გვარამიას დაბრალდეს. ჩვენც უნდა გვახსოვდეს და სხვამაც უნდა იცოდეს, რომ პასუხისმგებლობას ყველანი თანაბრად ვიღებთ და ვინაწილებთ: გინდა პარტიაში, გინდა კოალიციაში, გინდა ალიანსში. გინდა თავისუფლებაზე და გინდა ციხეში. კარგზეც და ცუდზეც, წარმატებაზეც და წარუმატებლობაზეც.
ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა, გარეთაა, ციხეშია თუ უცხოეთში, მარტივად და ყველასთვის გასაგებად დაწეროს პასუხი, მაგალითად, 2028-ის არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე და პირობებზე; პარლამენტში შესვლა-არშესვლას როგორ უყურებენ დღევანდელი გადასახედიდან და რას ფიქრობდნენ, რა პოზიციაზე იყვნენ ამ გადაწყვეტილების მიღებისას და ა.შ“, – წერს ნიკა გვარამია.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |