123
17 აპრილი 2026, 09:51
ქეთი ხატიაშვილი
შამპანიური გახსნეს, მისალოცი ბარათები გაუგზავნეს, მაღალფარდოვანი სიტყვებით შეამკეს და… სულ რაღაც საათებში ულტიმატუმის ენაზეც გადავიდნენ.
პეტერ მადიარი ჯერ პრემიერ მინისტრი არ არის, ოფისს მხოლოდ 5 მაისს დაიკავებს. კაბინეტს მაისის ბოლომდე დააკომპლექტებს.
მაგრამ ბრიუსელიდან მოთხოვნები - 27 პუნქტიანი სამოქმედო გეგმა - უკვე მიიღო.
გამარჯვებიდან 24 საათში ევროკავშირი თბილი მოლოცვებიდან ცივ პოლიტიკურ რეალობაზე გადადის.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა ჯერ ემოციური სიტყვა წარმოთქვა. უნგრეთს ევროპის გული უწოდა: „ევროპის გული ბუდაპეშტში უფრო ძლიერად ძგერს“, თქვა, რომ უნგრელმა ხალხმა „სასწაული მოახდინა“.
და იქვე საქმიანი ტონით დაამატა: ბრიუსელი მზადაა იმუშაოს სწრაფი და დიდი ხნის ნანატრი პროგრესისთვის.
თავად მადიარი გამარჯვებიდან მეორე დღეს პრესკონფერენციაზე ჩნდება და პირდაპირ აცხადებს:
„ჩვენ გავაგრძელებთ მოსკოვიდან ნავთობის შეძენას - ფასი იდეოლოგიაზე მნიშვნელოვანია“.
ეს პოზიცია ახალი არ არის. ასეთივე პოზიცია ჰქონდა ორბანსაც. ბრიუსელის ნანატრ პროგრესში რუსეთი, ბუნებრივია, არ იგულისხმება.
ამიტომაც იმავე დღეს ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცმა იტყვის:
„ევროკავშირი ოფიციალურად შესთავაზებს უნგრეთის ახალ მთავრობას, უარი თქვას „დრუჟბას“ ნავთობსადენზე.“
ალტერნატივის სახით ბუდაპეშტს ხორვატიის მარშრუტს სთავაზობენ. ეს მარშრუტი ადრიატიკის ზღვიდან, ხორვატიის გავლით, უნგრეთში შედის.
უფრო გრძელია, უფრო ძვირია, სამაგიეროდ არ არის რუსული.
თუმცა, ამ „სამაგიეროს“ რამდენიმე მაგრამ აქვს.
პირველი, ეს ნიშნავს ახალ დამოკიდებულებას ხორვატიაზე; მეორე, ადრიატიკის ზღვის მილსადენი ვერ ატარებს უნგრეთისთვის საჭირო მოცულობის ნავთობის ტრანსპორტირებას; მესამე ხორვატია ხშირად ცვლის მიწოდების ტარიფებს.
2024 წელს, მაგალითად, ხორვატიამ ნავთობის ტრანზიტის ტარიფი 5-ჯერ გაზარდა. უნგრეთი და სლოვაკეთი შანტაჟზე საჯაროდ ალაპარაკდნენ.
უკრაინის დაფინანსება
რამდენიმე დღის უკან ევროკომისიის წარმომადგენელმა ბალაჟ უივორმა განაცხადა:
„უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს კრედიტის გადახდების დაწყება გადაიდო 2026 წლის მეორე ნახევრამდე“
გადადებულია!
არადა, მხოლოდ რამდენიმე დღის წინ ევროპული მედია ამბობდა: ორბანი წავიდა, მადიარი ვეტოს მოხსნის და ყველაფერი სწრაფად წავა. მაგრამ რეალობა უფრო რთულად გამოიყურება.
მადიარმა უკვე განაცხადა, რომ შეინარჩუნებს იმ გამონაკლისს, რომელიც ორბანმა დეკემბერში მოიპოვა.
რას ნიშნავს გამონაკლისი.
თავდაპირველად ვიქტორ ორბანი უკრაინისთვის განკუთვნილ 90 მილიარდის პაკეტს ვეტოს ადებს, მოგვიანებით - მოლაპარაკებების შედეგად - კომპრომისს იღებს.
სწორედ ეს არის გამონაკლისი, რაც ნიშნავს: არ ვბლოკავ, მაგრამ არც ვიხდი.
გამარჯვებიდან მეორე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მადიარი აცხადებს, რომ აქაც ორბანის პოლიტიკურ ხაზს გააგრძელებს და გამონაკლისით ისარგებლებს.
და რას აკეთებს ბრიუსელი?
ამ განცხადების შემდეგ, ბრიუსელი იმას კი არ იტყვის რომ უნგრეთის გარეშე შეძლებს უკრაინის დახმარებას, არამედ, ჩუმად აჩერებს კიევის დაფინანსებას მინიმუმ ნახევარი წლით.
პოლიტიკური პარადოქსი:
ორბანი თამაშიდან გაიყვანეს, მაგრამ პროგრამა მაინც გაჩერდა. მადიარმა ფაქტობრივად იგივე თქვა.
და აქ ჩნდება მთავარი კითხვა რატომ არჩია ბრიუსელმა სესხის განხილვის გადადება.
საქმე ის არის, რომ უნგრეთის წილის გარეშე, ეს ტვირთი გადადის გერმანიაზე; საფრანგეთზე; იტალიაზე.
როგორც ჩანს, ევროკავშირის ძირითად ბირთვს ასეთი ტვირთის ზიდვა აღარ შეუძლია. სანამ სამიზნე ორბანი იყო, ყველაფერი მის პოზიციას მიეწერებოდა; ახლა კი, როცა ის წავიდა, რეალური პრობლემები გამოიკვეთა.
გავაგრძელოთ:
მადიარი, ისევე როგორც ორბანი, ასევე წინააღმდეგია უკრაინის ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანების. მისი პოზიცია მკაფიოა: უკრაინა ევროკავშირში მინიმუმ 10 წელი ვერ შევა.
ისევე როგორც ორბანი უარყოფს მიგრაციის კვოტებს და აცხადებს რომ სერბეთის საზღვარზე ორბანის მიერ დაწყებული ღობის მშენებლობა უნდა დასრულდეს, კონტროლი გამკაცრდეს.
მაგრამ ბრიუსელში დარწმუნებულნი არიან, რომ ყველა კოზირი მათ ხელშია. ამის შესახებ ღია მინიშნებას უკვე ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით Financial Times აკეთებს.
რა კოზირებზეა საუბარი.
როგორც უკვე გითხარით, მაისის ბოლოს, ანუ ზუსტად იმ დროს, როცა მადიარი მხოლოდ იწყებს მთავრობის ფორმირებას, ევროკავშირის საბჭოში დაგეგმილია უნგრეთის საკითხზე მოსმენა მეშვიდე მუხლის საფუძველზე.
მეშვიდე მუხლი არის მექანიზმი, რომლის მიხედვითაც ქვეყანას შეიძლება ხმის მიცემის უფლება ჩამოერთვას - გამოეთიშოს გადაწყვეტილების მიღების პროცესს და გადაიქცეს „მდუმარე წევრად“, რომელიც არაფერს წყვეტს.
მეშვიდე მუხლის ამოქმედების პროცედურა თავდაპირველად ორბანის წინააღმდეგ დაიწყეს.
ლოგიკურად, თუ ორბანი წავიდა და მოვიდა ახალი, პროევროპული გუნდი, რომელმაც ბრიუსელის გულიც კი ააძგერა, პროცედურა უნდა შეჩერდეს.
მაგრამ მოსმენა ძალაში რჩება.
ეს ნიშნავს, რომ მადიარი ვერტიკალის დაკომპლექტებას ევროკავშირში ხმის უფლების დაკარგვის საფრთხის პირობებში მოახდენს.
მეორე მთავარი კოზირი რომელსაც ბრიუსელი დიდი ხანია ათამაშებს გაყინული მილიარდებია.
31 აგვისტოს ოფიციალურად ეწურება ვადა ბრიუსელის მიერ გაყინულ 10 მილიარდ ევროს. კონკრეტული პირობები ამ დედლაინამდე თუ არ შესრულდა, ბუდაპეშტი ამ თანხას საერთოდ დაკარგავს.
ეს არც სესხია და არც კრედიტი. ეს მიზნობრივი გრანტია, რომელიც არ უნდა დაბრუნდეს. შეიძლება ითქვას, რომ უნგრეთის კუთვნილი თანხაა, რომელსაც ბრიუსელი გაყინავს.
ეს თანხა მოდის ევროკავშირის პროგრამებიდან, ძირითადად ეკონომიკური განვითარებისთვის. აქ შედის:
- ინფრასტრუქტურა -გზები, ენერგეტიკა.
- რეგიონების განვითარება
- ზოგადად ეკონომიკის მხარდაჭერა.
ევროკავშირი ამბობს, რომ უნგრეთმა ჯერ უნდა შეასრულოს მოთხოვნები, შემდეგ მიიღოს თანხა. საუაბრია:
- სასამართლოს დამოუკიდებლობაზე
- კორუფციასთან ბრძოლაზე
სანამ ეს პირობები არ შესრულდება, ფული არ გაიცემა
ყველაფერი ამისთვის უნგრეთის ახალ ხელისუფლებას სამი თვიანი ვადა აქვს.
10 მილიარდის გარდა, გაყინული რჩება 35 მილიარდი ევროც. ეს უფრო ფართო პაკეტია და ფართო მოთხოვნებს მოიცავს.
მთავარი განსხვავება: 10 მილიარდი ეკუთვნის, მაგრამ გაყინულია, 35 მილიარდი უნდა დაიმსახუროს რომ მიიღოს.
დამსახურებების ნუსხა სწორედ იმ 27 პუნქტშია გაწერილი, მადიარმა გამარჯვებიდან 24 საათში რომ მიიღო.
მათ შორის, არის მიგრაციის საკითხი. ბრიუსელი მოითხოვს რომ უნგრეთმა მიგრანტების უკონტროლო ნაკადს ხელი არ შეუშალოს. თავშესაფრის სისტემის EU წესებთან მოიყვანოს შესაბამისობაში და საზღვრის პოლიტიკის ლიბერალიზაცია ნაწილობრივ მაინც განახორციელოს.
მათ შორის არის ადამიანის უფლებებიც. ბრიუსელი, რა თქმა უნდა, დისკრიმინაციის აკრძალვას ითხოვს. სწორედ ამ კონტექსტში განიხილება ლგბტ საკითხებთან დაკავშირებული კანონმდებლობაც, რომელიც ორბანის დროს მიიღეს და რომლის გადახედვას ბრიუსელი უკვე დიდი ხანია ითხოვს
შესაბამისად, „27 პუნქტი“ არ არის ერთი დოკუმენტი. ეს არის რეფორმების პაკეტი სხვადასხვა მიმართულებით.
ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს პიტერ მადიარს არც მოსაფიქრებელი დრო რჩება და არც მანევრირების სივრცე.
ის ერთის მხრივ ბრიუსელის პირობების ხაფანგშია მოქცეული - თუ ფული სჭირდება ბიუჯეტში და ხმის შენარჩუნება ევროკავშირში, პირობები უნდა შეასრულოს.
მეორე მხრივ კი ამომრჩეველია, რომლის ნდობაც სწორედ იმ პოზიციებზე ააშენა, რომელთა დათმობასაც ახლა სთხოვენ.
საინტერესოა, რამდენად თავისუფალი იქნება მადიარის არჩევანი.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |