ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ რამდენიმე კვირის წინ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე თავდასხმას გეგმავდა, - ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ისრაელის სადაზვერვო სამსახურები „მოსადი“ და „შინ ბეთი“ ავრცელებენ.
ისრაელის სადაზვერვო უწყებებმა აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურეს, რომ გასული თვის დასაწყისში ირანული ქსელი აზერბაიჯანში ტერორისტულ თავდასხმას გეგმავდა და სამიზნეებს შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ისრაელის საელჩო და აშკენაზი ებრაელების სინაგოგა იყო.
აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავდასხმის აღკვეთის შესახებ განცხადება 6 მარტს გაავრცელა. აზერბაიჯანულმა სპეცსამსახურებმა ქსელის წევრები დააკავეს და ასაფეთქებელი მოწყობილობები ამოიღეს.
„თავისი გეგმების განხორციელების მიზნით, ქსელი ირანში მათი ხელმძღვანელების პირდაპირი დავალებით, სადაზვერვო ინფორმაციას აგროვებდა სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით“, - ნათქვამია ისრაელის სადაზვერვო სამსახურების განცხადებაში.
ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანში მოქმედ ქსელს რაჰმან მოკადამი ხელმძღვანელობდა, რომელიც „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სპეციალური ოპერაციების დანაყოფის მეთაური იყო. მოკადამის ლიკვიდაცია გასულ თვეში ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად განხორციელდა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |