სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა დაასახელა პირობები, რომელთა შესრულების შემთხვევაშიც ერევანი ოფიციალურად მიმართავს ევროკავშირს გაწევრიანების განაცხადით.
„არმენპრესის“ ცნობით, ფაშინიანმა ამ საკითხზე მმართველი პარტიის, „სამოქალაქო შეთანხმების“ წინასაარჩევნო პროგრამის წარდგენისას ისაუბრა.
„სომხეთის რესპუბლიკა გააგრძელებს აუცილებელი რეფორმების განხორციელებას ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმების შესასრულებლად, ვიდრე სრულად არ დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს. სომხეთი კრიტერიუმებს როდესაც შეასრულებს, წევრობა გახდება პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხი და დამოკიდებული იმაზე, მზად იქნება თუ არა ევროკავშირი სომხეთის მისაღებად. მზად თუ იქნება, მაშინ სომხეთი შეიტანს განაცხადს სრულუფლებიან წევრობაზე, თუ არა – ზემოხსენებული რეფორმების განხორციელება მაინც სტრატეგიულ მიღწევად ჩაითვლება, რადგან სომხეთი სრულად დააკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს“, – განაცხადა ფაშინიანმა.
ამასთან, როგორც ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან ურთიერთობებზე საუბრისას ფაშინიანმა აღნიშნა, სომხეთის ხელისუფლება აცნობიერებს, რომ შეუძლებელია, ერთდროულად იყო როგორც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის, ისე ევროკავშირის წევრი.
„თუმცა ვიდრე ევროკავშირთან დაახლოებისა და წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობისკენ მიმართული რეფორმები თავსებადია ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში წევრობასთან, სომხეთის რესპუბლიკა დარჩება ამ გაერთიანების წევრად და გააგრძელებს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას მის წევრ ქვეყნებთან“, – აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |