თბილისის მერი, კახა კალაძე პარტია „ქართული ოცნების“ დაარსებიდან 14 წლის იუბილეს სოციალურ ქსელში ეხმიანება. კალაძე აღნიშნავს, რომ 21 აპრილი არის თარიღი, რომლითაც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო.
„2012 წლის 21 აპრილი, თარიღი, რომლითაც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ- „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“, ქართველ ხალხთან ერთად, შეძლო დამნაშავე პოლიტიკური რეჟიმის დამარცხება და საქართველოს სახელმწიფოს განვითარებაში გარდამტეხი როლის შეტანა. ეს არ იყო უბრალოდ ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენა, ეს იყო ქართველი ხალხის იმედი და მტკიცე მოთხოვნა მშვიდობიან, სტაბილურ მომავალზე, ისეთ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაზე, სადაც გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნის საქართველოს მოსახლეობას.
„ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლის ეს მოთხოვნა სამოქმედო გეგმად და მთავარ პრინციპად აქცია, რომლისთვისაც არასდროს გადაუხვევია, რაშიც ყველაზე დიდი წვლილი მის დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს მიუძღვნის.
მშვიდობა, ეკონომიკური სტაბილურობა, სახელწიფოს და საქართველოს მოსახლეობის ინტერესების ხელშეუხებლობა, ქართული ეკლესიის, ჩვენი ტრადიციების, კულტურის დაცვა, - ეს „ქართული ოცნების“ 14- წლიანი პოლიტიკის შედეგია. ვულოცავ „ქართული ოცნების“ დიდ ოჯახს და მის მხარდამჭერებს დღევანდელ დღეს. მადლობა საქართველოს ერთგულებისთვის!“, - წერს კახა კალაძე.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |