გაცნობიერებული მაქვს ერთი მხრივ ამ მოწოდების სიდიადე და პატივი და მეორე მხრივ ჩემი ადამიანური სიმწირე და უძლურება, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო მესამემ განაცხადა.
მან მღვდელმთავრებსა და ქართველ ხალხს მადლობა გადაუხადა.
„ძნელია ჩემთვის ამ წუთებში გამოვხატო თქვენ წინაშე ჩემი სულიერი განწყობა, ფიქრები, განცდა. ეს არის დიდი პატივიც და მძიმე ჯვარიც. უპირველესად მადლობას ვწირავ მაღალ ღმერთს ამ დიდი წყალობისთვის, რომელიც მოიღო. მადლობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდათა დასს, ღირს მამა შიო მღვიმელს, სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მფარველს ღირს ალექსი სენაკელს და სხვა მოღვაწეებს შემწეობისა და მფარველობისთვის. მადლობა მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს ჩემდამი გამოჩენილი ნდობისთვის. თითოეულ ადამიანს, ვინც დაუღალავად იღვაწა დღევანდელი კრების ღირსეულად წარმართისთვის, კრების ყველა დელეგატს და სტუმარს. განსაკუთრებული მადლობა ქართველ ხალხს სიყვარულისთვის, ლოცვისა და თანადგომისთვის. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის სამღვდელოებასა და მრევლს გამოვლენილი სიყვარულისთვის და მათთან ერთად, ღვთისა და ეკლესიის სამსახურში გატარებული წლებისთვის. დიდი მადლია და წყალობა ღვთისა და ამავდროულად პასუხისმგებლობა. გაცნობიერებული მაქვს ერთი მხრივ ამ მოწოდების სიდიადე და და პატივი და მეორე მხრივ ჩემი ადამიანური სიმწირე და უძლურება“,- აღნიშნა შიო III-მ.
საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს- პატრიარქი აირჩია. ქვეყნის 142-ე კათოლიკოს - პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა. მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო.
რაც შეეხება პატრიარქობის სხვა კანდიდატებს, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კი 7 ხმა. გაუქმდა ერთი ხმა.
საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე აირჩიეს.
გაფართოებული საეკლესიო კრების განმარტებით, ახალარჩეულ პატრიარქს შიო III ეწოდა.
„საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურია უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ -აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე, მამაი ჩვენი შიო მესამე, აქსიოს!“- განაცხადა ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარემ, მეუფე ანანია ჯაფარიძემ კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |