სამწუხაროდ უუნარონი არიან ერთის მხრივ საერთაშორისო ორგანიზაციები, გარეო და მსგავსი ორგანიზაციები, ვისი პასუხისმგებლობაც არის და ვისი იმედიც გვქონდა ხოლმე. ვნახეთ, რომ დღევანდელ სამყაროში, სადაც საერთაშორისო სამართალი ჩამოშლილია, ეს ორგანიზაციები უუნაროა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
მისვე თქმით, არიან უცხო ქვეყნები, რომლის იმედიც ჰქონდათ, მაგრამ მათ ან არ შეუძლიათ, ან უკრაინის მაგალითის მიხედვით ზოგიერთს არც უნდა, რომ ესა თუ ის კონფლიქტი გადაწყდეს.
„რაც შეეხება ცხინვალს, სწორედ ეს არის ოკუპაციის რისკები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არის ოკუპაციის მავნე შედეგები, რომელიც განგრძობადია და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველომ გონივრული და მშვიდობიანი პოლიტიკით შეძლოს ამ გამოწვევის გადაჭრა.
არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ გვაქვს ორი ეროვნული ამოცანა, ეს არის ქვეყნის გამთლიანება და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა. ჩვენი ყველა გადაწყვეტილება სწორედ ამას ემსახურება. რომ დავყოლოდით ევროკავშირის მოთხოვნებს წავსულიყავით ესკალაციაზე რუსეთთან, დღეს სხვა რაღაცების რატიფიცირება იქნებოდა რუსეთის სახელმწიფო დუმაში და არა ამგვარი შეთანხმებების. ცოტა უფრო მძიმედ და წინ წასული იქნებოდა პროცესები ჩვენ რომ მოგვესმინა ბრიუსელისთვის“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე თქვა, უკრაინის მაგალითზე კარგად ჩანს რას ნიშნავს პრაქტიკაში ეს რისკები.
„იმ პირობებში, როდესაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი არის მოშლილი, როდესაც არა თუ რეზოლუციები, ომის და ადამიანების ხოცვის შეწყვეტა ვერ ხერხდება, რთულია და შეზღუდულია ის რესურსები, რომ ზემოქმედება ჰქონდეს საქართველოს ამგვარ გადაწყვეტილებებზე.
ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენი პოლიტიკა მიმართული იყოს, რომ არ დაზიანდეს გრძელვადიანად ის ინტერესი, რაც გულისხმობს საქართველოს გაერთიანებას. ჩვენი რეაგირება გახლავთ ჩვენი განცხადება და ის, რომ ეს არის საერთაშორისო სამართლის კიდევ ერთი დარღვევა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
რუსეთის სათათბირომ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობის გაღრმავების თაობაზე ხელმოწერილი დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |