მაკა ბოჭორიშვილი - ჩვენი შეხვედრის გაშუქების მსურველ ჟურნალისტებს საქართველოს სამი ტელევიზიიდან უარი ეთქვათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაზე. შემაშფოთებელია, როცა მედიის თავისუფლება შერჩევითი პრინციპით განიმარტება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
51 15 მაისი 2026, 13:16

დღეს ჩვენი შეხვედრის გაშუქების მსურველ ჟურნალისტებს საქართველოს სამი სხვადასხვა ტელევიზიიდან უარი ეთქვათ მოლდოვაში შემოსვლასა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაზე, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, შემაშფოთებელია, როდესაც სიტყვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება შერჩევითი პრინციპით განიმარტება.

„დღეს ევროპის წინაშე მრავალი გამოწვევა დგას. თუმცა, ომი და კონფლიქტი არ არის ერთადერთი საფრთხე, რომელიც იმ ფუნდამენტს არყევს, რომელზეც ევროპა აშენდა. არანაკლებ საშიშია სიმართლის რელატივიზაცია, ორმაგი სტანდარტები, პოლიტიკური კონიუნქტურისთვის ღირებულებების გადაფასება და დემოკრატიის სახელით თავად დემოკრატიული პრინციპების დასუსტება.

დღეს ჩვენი შეხვედრის გაშუქების მსურველ ჟურნალისტებს საქართველოს სამი სხვადასხვა ტელევიზიიდან უარი ეთქვათ მოლდოვაში შემოსვლასა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაზე. შემაშფოთებელია, როდესაც სიტყვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება შერჩევითი პრინციპით განიმარტება.

ბოლო წლებში ჩემი ქვეყნის კრიტიკა ზოგიერთისთვის ყველაზე მიმზიდველ საქმიანობად იქცა. კრიტიკა დემოკრატიის ბუნებრივი ნაწილია - მაგრამ მაშინ, როდესაც პოლიტიკური მიზნები ფაქტებზე მაღლა დგება, ეს უკვე არა დემოკრატიის გაძლიერებას, არამედ ნდობის რღვევას ემსახურება.

თვალთმაქცობაა „დემოკრატიის უკუსვლაზე“ წუხილი და იმავდროულად იმ რადიკალური ძალების წახალისება, რომლებიც არჩევნებზე უარს ამბობენ; „ქართველი ხალხის მხარდაჭერის“ მტკიცება და იმავდროულად ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან დემონსტრაციული გაუცხოება; კანონის უზენაესობაზე საუბარი და ამავე დროს სამართლისა და კანონის გვერდის ავლის გზების ძიება.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის კრიტიკა რუსეთთან წინააღმდეგობის ხარისხის გამო და „პრო-რუსულის“ იარლიყის მარტივად მიწებება - ეს უკვე არა პოლიტიკური შეფასება, არამედ რეალობის გამარტივება და საკუთარი პასუხისმგებლობისგან გაქცევაა.

ძვირფასო კოლეგებო,

პრინციპების დაცვას და პატივისცემას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის - ქვეყნისთვის, რომლის ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და რომლის ასიათასობით მოქალაქეს საკუთარ სახლში დაბრუნების უფლება დღემდე წართმეული აქვს.

ოკუპაცია, ეფექტიანი კონტროლი და რუსეთის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე დადასტურებულია საერთაშორისო სასამართლოების მიერ, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით.

მიუხედავად ამისა, რუსეთი კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების უგულვებელყოფას და დგამს ნაბიჯებს საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ. ამის დასტურია 2026 წლის 9 მაისს მოსკოვსა და ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის ხელმოწერილი ე.წ. „მოკავშირეობისა და ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ ხელშეკრულება“.

დღეს, როდესაც უკრაინაში კვლავ გრძელდება ომი, კიდევ უფრო ნათლად ვხედავთ, რომ ვერც ერთი ქვეყანა ვერ იქნება რეალურად დაცული, თუ საერთაშორისო სამართალი შერჩევითად იმოქმედებს, თუ ოკუპაცია დროთა განმავლობაში „ახალ ნორმად“ გადაიქცევა და თუ ძალა სამართალზე მაღლა დადგება.

საქართველო კვლავაც ერთგულია კონფლიქტის მშვიდობიანი და ყოვლისმომცველი მოგვარების პოლიტიკის და ყველაფერს აკეთებს მშვიდობის, სტაბილურობისა და რეგიონში უსაფრთხოების შესანარჩუნებლად.

ჩვენ კარგად ვიცით ომის ფასი და გვესმის, რომ მშვიდობა მხოლოდ სამხედრო ესკალაციის არარსებობა კი არა, არამედ პასუხისმგებლობაა საკუთარი ხალხის, რეგიონისა და საერთო ევროპული მომავლის წინაშე“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: 2028 წლის არჩევნები ჩატარდება დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ამის პირობას ვაძლევთ ყველას - დღევანდელი კანონმდებლობა არის აბსოლუტურად შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან
ირაკლი კობახიძე: თუ კონკრეტული პატიმრები ნებისმიერი მიმართულებით გამოხატავენ სინანულს ჩადენილი დანაშაულის გამო, ჩვენ გვექნება სათანადო რეაგირება, მაგრამ სინანული და მონანიება პრინციპულად მნიშვნელოვანია
პრემიერი: 17 მაისი იქნება განსაკუთრებული, წელს აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავს, წირვას აღავლენს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III და ეს წელი იქნება განსაკუთრებული ქვეყნისთვის
პრემიერი: როცა კაცს ეძახი თვალთხარიას და მერე მასთან გაერთიანებაზე საუბრობ, ეს უპრინციპობის გამოხატულებაა. ყველა არის ერთი კოლექტიური ძალის წარმომადგენლობა - ეს არის უცხოური აგენტურა, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“
პრემიერი: მოლდოვაში მედიის თავისუფლება დიდი ხანია, ფეხქვეშ არის გათელილი, დატოვეს სულ ორი სახელმწიფო ტელევიზია და ასეთ პირობებში არავის უკვირს, რომ მოლდოვა თავს ესხმის ქართულ თავისუფალ მედიასაც
არქივი