მნიშვნელოვანია, უკრაინულ მხარეს სწორი აღქმა ჰქონდეს ჩვენს მოლოდინებზე, საქართველოსთან დამოკიდებულება უნდა იყოს სამართლიანი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უკრაინელ კოლეგასთან, ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინულ მხარის ნაბიჯები პოზიტიურია, თუმცა გადამწყვეტი საქართველოს მიმართ დამოკიდებულება იქნება.
„უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის ინიციატორი მე ვიყავი. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინულ მხარესაც ჰქონდეს სწორი აღქმა, თუ რა განწყობები და დამოკიდებულებები არსებობს საზოგადოებაში იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომლებსაც ბოლო წლების განმავლობაში უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ვხედავდით. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, უკრაინის სუვერენიტეტს. თუმცა, გვაქვს ჩვენი კითხვის ნიშნები, რას ემსახურებოდა საქართველოსთან დამოკიდებულება, საქართველოს ხელისუფლებასთან დამოკიდებულება, საქართველოს უსაფრთხოების საკითხებთან დამოკიდებულება, რამაც სამართლიანი განწყობები გააჩინა ჩვენს საზოგადოებაში.
ეს ყველაფერი ბუნებრივია, მოითხოვს განხილვას და პოზიციების დაფიქსირებას, ამიტომ მნიშვნელოვანია, უკრაინულ მხარეს სწორი აღქმა ჰქონდეს ჩვენს მოლოდინებზე. მნიშვნელოვანია, საქართველოსთან დამოკიდებულება იყოს სამართლიანი. საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ როგორც პოლიტიკური, ისე ჰუმანიტარული, ამ წლების განმავლობაში თანმიმდევრულია. ჩვენ არასდროს არ გადაგვიდგამს ისეთი ნაბიჯი, რომელიც დაიმსახურებდა რაიმე სახის უკმაყოფილებას ან კრიტიკას უკრაინული მხრიდან. თუმცა ჩვენ ასეთი ბევრი მოვისმინეთ, ამიტომ საჭიროა, ეს ყველაფერი იყოს სათანადოდ განხილული.
ჩვენ გავაგრძელებთ კომუნიკაციას. ის მცდელობები, რომლებსაც ვხედავთ უკრაინული მხარიდან დიალოგის გაგრძელების კუთხით, პოზიტიურია. დრო გვაჩვენებს, თუ როგორ იქნება დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით, ეს არის ჩვენთვის განმსაზღვრელი. საქართველოსთან, ქართველ ხალხთან, ქართულ სახელმწიფოსთან დამოკიდებულება უნდა იყოს სამართლიანი და პატივისცემაზე დაფუძნებული, სხვანაირად წარმოუდგენელია ნებისმიერ ურთიერთობაში ნორმალიზაცია“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |