სიმბოლურია ისიც, რომ დღეს ჩვენი ეკლესია და ერი აღნიშნავს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს, რომელიც ნეტარხსენებულმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დააწესა, - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ სამების ტაძარში სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, ამ დღესასწაულის აღნიშვნით კვლავ ცოცხლობს მისი დიდი სულიერი მემკვიდრეობა.
ამასთან, შიო მესამემ აღნიშნა, რომ გაგრძელდება ილია მეორის მიერ დამკვიდრებული საყოველთაო ნათლობების ტრადიციაც.
„მოგეხსენებათ, რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა იგი ზნეობრივი ფასეულობების დაცვას. წელს პირველად ვხვდებით ამ დღეს მის გარეშე, თუმცა, დღესასწაულის აღნიშვნით კვლავ ცოცხლობს მისი დიდი სულიერი მემკვიდრეობა, ის სიყვარული, ერთობა და ოჯახი სიწმინდისადმი პატივისცემა, რომელთაც იგი მთელი მისი მოღვაწეობის პერიოდში ამკვიდრებდა ჩვენს ხალხში. ასევე გაგრძელდება მის მიერ დამკვიდრებული საყოველთაო ნათლობების ტრადიციაც, რომელიც ჩვენი ერის დემოგრაფიული წინსვლისა და სულიერი განმტკიცების ხელშემწყობად იქცა.
ქრისტიანული სწავლება ოჯახს მცირე ეკლესიად, იმ სულიერ სივრცედ მოიხსენიებს, სადაც წმინდა იოანე ოქროპირს თუ დავესესხებით, მკვიდრობს უფალი და სადაც თავგანწირვით, სიყვარულით, ერთმანეთისთვის ლოცვით ვიზრდებით სულიერებაში. სწორედ ასეთი მცირე ეკლესიები ქმნიან საღვთო მადლით გაერთიანებულ საზოგადოებას, ძვირფასო სტუმრებო, ასეთ დღეს, თქვენი აქ ჩამობრძანებით განსაკუთრებით ვგრძნობთ და ვხედავთ, როგორ აერთიანებს ქრისტეს რწმენა და სიყვარული სხვადასხვა ერსა და ადგილობრივ ეკლესიას ერთ დიდ ქრისტიანულ ოჯახად, რომელიც დაფუძნებულია უფლის სიტყვით ნასაზრდოებ ზნეობრივ და სულიერ ფასეულობებზე.
დღეს თანამედროვე გამოწვევებით სავსე სამყაროში მართლმადიდებელ ეკლესიას უდიდესი მისია ეკისრება; ის როგორც ზნეობრივი ფასეულობების საფუძველი, ერის გამაერთიანებელი, ხალხში ქრისტიანული ღირებულებების განმამტკიცებელია. ამიტომ აუცილებელია ეკლესიაც და სახელმწიფოც ერთობლივად ვზრუნავდეთ მომავალი თაობის ღირსეულად აღზრდისთვის, ოჯახური სიწმინდისა და სიყვარულის დაცვისთვის. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ოჯახი არამარტო პირადი სივრცე, არამედ ეროვნული იდენტობის საძირკველია. სწორედ ოჯახის სიმყარე განაპირობებს ძლიერ და ერთიან სახელმწიფოს.
ოჯახზე საუბრისას აუცილებლად უნდა გავიხსენოთ საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ჩვენი სულიერი შვილები და მადლობა გადაგიხადოთ ძვირფასო სტუმრებო, ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებო ჩვენს თანამემამულეებზე ზრუნვისთვის, უცხოეთში მყოფი ქართველებისთვის თქვენი ტაძრების კედლებში აღმოჩენილი სულიერი ნუგეშისა და იმ დიდი ტკივილის შემსუბუქებისთვის რასაც სამშობლოდან შორს ყოფნა ჰქვია. მადლობა ღმერთს და თითოეულ აქ მყოფს, რომ აქ შეკრებით, ერთობით და სიყვარულით ვაგრძელებთ ეკლესიის და ერისთვის მსახურებას, დაე, ჩვენი გულები მუდამ შეკრული იყოს საკვირველითა სიყვარულისაითა ერთურთის მიმართ, რათა ჩვენზე აღსრულდეს უფალი ისეო ქრისტეს სიტყვები: „ამით ცნან ყოველთა, რამეთუ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყუარებოდით ურთიერთას.“
ქრისტე აღსდგა!“ - განაცხადა შიო მესამემ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |