მორალისგან მოშორებულია ის ამბავი, რომ თქვენ საერთოდ განათლების სისტემაზე კითხვას სვამთ, - განაცხადა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით გახარიას გუნდის მიერ დასმულ კითხვებს პასუხობს.
მიქანაძის თქმით, გიორგი გახარიამ უმაღლესი განათლება პოლიციის აკადემიაში ერთი ხელის მოსმით გააუქმა.
„მე მაგალითად თქვენ ადგილას შემრცხვებოდა, მორალისგან მოშორებულია ის ამბავი, რომ თქვენ საერთოდ განათლების სისტემაზე კითხვას სვამთ.
წლების მანძილზე პოლიციის აკადემიაში აწყობილი იყო უმაღლესი მიმართულების პირველი და მეორე საფეხური. საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები. მაშინ ვიყავი პოლიციის აკადემიის რექტორი. ვემზადებოდით, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად, შემოგვეტანა საპოლიციო უმაღლესი განათლების მესამე საფეხური, სადოქტორო პროგრამა. თქვენმა ღრმად პატივცემულმა გაქცეულმა ლიდერმა, უმაღლესი განათლება პოლიციის აკადემიაში ერთი ხელის მოსმით გააუქმა. გახარიას მოსმენა როდესაც იყო პარლამენტში, ისე რომ ამის შესახებ არც მე ვიცოდი და არცერთმა სტუდენტმა, რომელიც პოლიციის აკადემიაში უმაღლესის პირველ და მეორე საფეხურზე სწავლობდა, პირდაპირ განაცხადა, რომ უმაღლესის მიმართულების გაუქმებას აპირებდა, რასაც ძალიან დიდი პროტესტი მოჰყვა. რომ დაინახა ეს პროცესი, შეეშინდა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გადათქვა და შემოუთვალა ახალგაზრდებს, რომ არაფერი მსგავსი არ იქნება, ყველაფერი შენარჩუნებული იქნებაო. რამდენიმე თვეში გააუქმა.
დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიაში რომ არ არის უმაღლესი განათლების მიმართულება და მინისტრი თავიდან აწყობს მთელ ამ მიმართულებას, ეს არის თქვენი გაქცეული ლიდერის დამსახურება“, - აღნიშნა მინისტრმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |