ყველა ადამიანი, ვისაც სურს სულიწმიდის მადლის მოხვეჭა, უნდა დავფიქრდეთ, როგორ უნდა მოვიხვეჭოთ ეს მადლი, რადგან, როგორც იცით, წმინდა მამების სწავლებით, ამ მადლის მოხვეჭა არის მთავარი მიზანი ჩვენი საეკლესიო, სულიერი ცხოვრების, - განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ დავითგარეჯის მამათა მონასტერში ქადაგებისას.
პატრიარქმა მრევლს წმინდა მამის, დავით გარეჯელის ხსენების დღე მიულოცა და მის ღვაწლზე ისაუბრა. მისივე თქმით, მის წმინდა საფლავთან ყოველთვის დიდ მადლს გრძნობს. პატრირქმა შიო მესამემ ასევე ყოველდღიური ლოცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„საოცარი მამა იყო დავით გარეჯელი, ისევე, როგორც ღირსი იოანე ზედაზნელი და მისი ყველა მოწაფე, რომლებმაც დააფუძნეს სამონასტრო ცხოვრება საქართველოში. მათ შორის მამა დავითი ერთ-ერთი დიდი მნათობია, რომელიც განთქმულია მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში. ისეთი დიდი მადლი მოიხვეჭა მან ღვთის წინაშე, ისეთი მადლმოსილი იყო. როგორ, რა ღვაწლით მოიღვაწა მან ასეთი დიდი მადლი? ჩვენ ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ღმერთი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო მდაბალთა მისცემს მადლს. მამა დავითი იყო განსაკუთრებული, განსაკუთრებულად გამორჩეული ამ უდიდესი სათნოებით, რასაც სიმდაბლე ეწოდება. ეს ჩვენ ვიცით მისი ცხოვრებიდან.
ყველა ადამიანი, ვისაც სურს სულიწმიდის მადლის მოხვეჭა, უნდა დავფიქრდეთ, როგორ უნდა მოვიხვეჭოთ ეს მადლი, რადგან, როგორც იცით, წმინდა მამების სწავლებით, ამ მადლის მოხვეჭა არის მთავარი მიზანი ჩვენი საეკლესიო, სულიერი ცხოვრების. რა თქმა უნდა, ეს არის უმოკლესი გზა მადლის მოხვეჭისა, სიმდაბლის ქონა, სიმდაბლის ღვაწლი, არა განკითხვა ძმისა თვისისა და განცდა თვისთა ცოდვათა. ასეთი მადლის მოსახვეჭად აუცილებელია ლოცვა, ლოცვის გარეშე ამ თვისებებს ადამიანი ვერ მოიხვეჭს.
სახარებაში, რომელიც წაკითხული იყო დღევანდელ წმინდა ლიტურგიაზე, იყო უფალი იესო ქრისტეს სწავლება ლოცვის მნიშვნელობაზე. ეს ერთ-ერთი ბოლო ქადაგება იყო მისი მოციქულებისადმი, თითქოს უფალმა ყველაფერი ასწავლა მოციქულებს. ბოლოს აგვირგვინებს თავის სწავლებას ამ ცნებით ლოცვის შესახებ, რომ ითხოვეთ და მოგეცემათ. უფალი აძლევს ამ შესაძლებლობას, მაგრამ ჩვენი ლოცვა უნდა იყოს ძალიან უბრალო, უბრალო გულით, ყოველგვარი ხელოვნურობის, დაძაბულობის გარეშე. დაახლოებით ისეთი, როგორც შვილები სთხოვენ მშობლებს რაღაცას, ჩვენი ლოცვაც ასეთი უბრალოდ უნდა იყოს, გულის უბრალოებით. ამაზეც ამბობს უფალი, რომ თუ არ იქნებით როგორც ყრმები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში. დასძენს, რომ თუ არ დამდაბლდებით, როგორც ეს ყრმა და ვინ დაიმდაბლებს თავს, როგორც ეს ყრმა, ის უდიდესი იქნება ცათა სასუფეველში. წარმოიდგინეთ, უფალი ამ ცნებას უკავშირებს სრულყოფილ სიხარულს, თითქოს ამბობს, რომ ის ამისთვის მოვიდა, რომ ჩვენ ვევედროთ უფალს და მივიღოთ ღვთისგან ყველაფერი, პირველ რიგში, სულიწმიდის მადლი, რომ ჩვენი სიხარული იყოს სრულყოფილი. გვაძლევს ამ საშუალებას, რომ ჩვენ, ვისაც შეიძლება, გვეგონოს არასწორად, რომ უკვე ზრდასრულები ვართ და ღვთის გარეშეც შეგვიძლია ფონს გასვლა, უფალი გვიბრუნებს იმ საშუალებას, რომ წარდგეთ ღვთის წინაშე და როგორც შვილებმა, ისე ვევედროთ მამას, მივიღოთ ბევრად მეტი, ვიდრე მისგან ვთხოვთ.
ამიტომ, როდესაც ჩვენ სალოცავად ვდგებით, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის უმთავრესი საქმე, რომლის გარეშეც არც ერთი სხვა საქმე ჩვენს ცხოვრებაში ჯეროვნად არ წარიმართება, რომ ლოცვა არის ყველაზე ძლიერი რამ ამ დედამიწაზე. როგორც ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, არაფერი შეედრება ლოცვას და მის ძალას, რომ ლოცვის დროს განქარვდება მწუხარება, სევდა, გარბიან დემონები, ყოველგვარი წინააღმდეგობა და ცხრება ვნებები და ჩვენ ვდგავართ ჩვენი ზეციერი მამის წინაშე და როგორც ეს დიდი წმინდა მამა ამბობს, ყველაზე ღარიბიც რომ იყოს ადამიანი, მაინც ყველაზე მდიდარია, თუ ლოცვა იცის და ვინც არ მიმართავს უფალს, ოქროს ტახტზეც რომ იჯდეს, ის მაინც ყველაზე ღარიბია.
ვფიქრობთ დღეს მადლზე, ლოცვის მნიშვნელობაზე, სულიწმიდის მადლის მოხვეჭაზე. ოღონდ კიდევ არის ამისთვის ერთი მთავარი პირობა. იმისთვის, რომ ეს მადლი მივიღოთ და გვქონდეს ლოცვის კადნიერება და მადლი, უფალი ერთ პირობას გვიდებს – მამას უყვარხართ თქვენ, მამაჩემს, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ მე შემიყვარეთ. უფალი გვეუბნება, რომ უნდა ვიყოთ ქრისტესმიერი, გვწამდეს მისი და ვსწავლობდეთ მისგან. კიდევ ერთხელ გილოცავთ, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, ღმერთმა ღირსი მამა დავით გარეჯელის მეოხებით დალოცოს, გაამთლიანოს, გააძლიეროს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო“, - განაცხადა პატრიარქმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |