სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაკავებულ ექვს პოლიციელს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. სხდომა გორის რაიონულ სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა.
ერთ-ერთი დაკავებულის, ალექსი ბახალოვის ადვოკატის, ნოდარ ცინცაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს წარდგენილ ბრალდებას.
„გამოძიების ეტაპზე მან მისცა ჩვენება, რომ ეკიპაჟთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, გამოძახებული იქნა კრიმინალური პოლიციის მიერ დახმარების მიზნით სავარაუდო დამნაშავის დაკავების გამო. . ის მივიდა შემთხვევის ადგილზე და ვიდეომასალაშიც არის - ის აწვდის ხელბორკილს კრიმინალურ პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელს, ესე იგი, ეს ადამიანი მივიდა თავისი მოვალეობის შესრულებისთვის რა წინაპირობები არსებობდა, როგორ განვითარდა მოვლენები მის მისვლამდე, ამ ადამიანმა ბუნებრივია, არ იცოდა და არც არავის განუმარტავს მისთვის”, - განაცხადა ადვოკატმა.
პროკურორ მიხეილ ბერიაშვილის განცხადებით კი, საქმეზე მყისიერად ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
„მხილებული და დაკავებულია 6 პირი, მათ წარედგინათ ბრალდებები შესაბამისი მუხლებით, რაც შეეხება პირთა წრის შემდგომ გაზრდას, საქმეზე გამოძიება გრძელდება, პროკურატურის ვალდებულებაა, რომ საქმეზე ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიება ჩაატაროს, ზუსტად ასეთს აქვს ადგილი. გამოკითხული ბრალდებულების ნაწილი აწვდის ინფორმაციას გამოძიებას, ნაწილი არ აწვდის, ეს მათი უფლებაა. რაც შეეხება მათთან ერთად მყოფ პირებს, ამ პირების ნაწილი ამ ეტაპისთვის გარკვეულია. თუმცა, ჩაიდინეს თუ არა დანაშაული იქ მყოფმა სხვა პირებმა, ეს გამოძიების დასადგენი საკითხია და გამოძიება ამ კუთხითაც გრძელდება. ამ ეტაპზე დადგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ ბრალდებულებმა ეს პირები გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, ამას მოჰყვა მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, სწორედ ამით გადაამეტეს მათ თანამდებობრივ უფლებამოსილებას“, - განაცხადა მიხეილ ბერიაშვილმა.
საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე 6 პოლიციელი დააკავა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |