„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბრალდებულ ნიკა მელიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გაუთავებელი ტალახის სროლა და დროდადრო მისი მხრიდან, მის წინააღმდეგ თითქოს ჩადენილ ღალატზე საუბარი, „მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება მისი უცხოეთში გაშვების სანაცვლოდ, ხელისუფლებასთან გარიგებაში შესვლის კონკრეტული ისტორიის გადაფარვის მცდელობას, რომელიც მას ბევრი მიზეზის გამო, დღეს ძალიან აწუხებს".
მისი თქმით, სააკაშვილს აქვს მისი იმ მძიმე ისტორიის გახმაურების კომპლექსი და შიში.
„გულის საოხად და დარდის გასაქარვებლად მორიგი ტყუილით გაჯერებული, ცილისმწამებლური წერილი გაუვრცელებია: მელიამ ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით ჩატარებული აქცია დაშალა და ხალხი სახლებში გაუშვაო!
ტყუილის თქმას მხოლოდ ის ბედავს, ვინც სიმართლე იცის, ასეა სააკაშვილის საქმეც. სააკაშვილისთვის ტყუილი და უტიფრობა პროზაულია, ამის გარეშე ის აღარ არსებობს, თუმცა, მაინც, იქნებ სიმართლის თქმის ძალა მოიკრიბოს და თავად ალაპარაკდეს მის მიერ დაშვებულ უმძიმეს შეცდომებზე და ადამიანურ სისუსტეებზე, რაც მან მთელი 2022 წლის განმავლობაში დაუშვა და გამოავლინა. როცა შეცდომებსა და ადამიანურ სისუსტეს ვახსენებ, რეალურად მის მიერ გადადგმულ უმძიმეს მორალურ და პოლიტიკურ ნაბიჯებს ვგულისხმობ.
ისიც მოჰყვეს, „იმ კაცს“, რომელსაც არ ასახელებს, მთელი 2022 წლის განმავლობაშიც რა საკითხებზე ეთანამშრომლებოდა.
რატომ იყო „ის კაცი" მისი მოციქული ხელისუფლებასთან 2022 წელს?! ანუ მისი „ვივამედში“ ყოფნის დროსაც! ამ კაცის მეშვეობით რა გარიგება დაიდო ხელისუფლებასთან და 2022 წლის ბოლოს რაში „გადააგდეს“ სააკაშვილი! ამ ძალიან მძიმე დეტალებს ფართო საზოგადოება მაინც შეიტყობს, თანაც კონკრეტული ფაქტებით და აჯობებს თავად დაასახელოს ის კაციც და მისი პარტნიორებიც.
სააკაშვილი „იმ კაცს” საქართველოში ჩამოსვლის შემდეგაც მრავალი თვე აქტიურად ეკონტაქტებოდა, „ის კაცი” იყო სააკაშვილის კომუნიკატორი ხელისუფლებასთან.
სააკაშვილის გაუთავებელი ტალახის სროლა და დროდადრო მისი მხრიდან, მის წინააღმდეგ თითქოს ჩადენილ ღალატზე საუბარი, მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება მისი უცხოეთში გაშვების სანაცვლოდ, ხელისუფლებასთან გარიგებაში შესვლის კონკრეტული ისტორიის გადაფარვის მცდელობას, რომელიც მას ბევრი მიზეზის გამო, დღეს ძალიან აწუხებს.
მას აქვს მისი იმ მძიმე ისტორიის გახმაურების კომპლექსი და შიში. ადამიანს შიში აიძულებს იცრუოს. აი, ამიტომაც იქცევა იმდენად უზნეოდ და არაადექვატურად, რომ შეიძლება ეშმაკმაც კი ფეხი მოიტეხოს. სააკაშვილს, 2021-2022 წლების უმძიმესი მორალური, ზნეობრივი და პოლიტიკური წარსული გუდა-ნაბადივით მაშინაც ზურგზე კიდია, როცა მის არსებობას ვეღარც კი ამჩნევს.
სააკაშვილს უყვარს ღალატი, მაგრამ სძულს მოღალატე, რომელსაც არ ასახელებს!“ -წერს ნიკა მელია.
ამასთან, როგორც მელია წერილში აღნიშნავს, სააკაშვილი ადგილობრივი არჩევნების წინ "საკუთარმა დაუძლეველმა ეჭვიანობამ აიძულა" ჩამოსულიყო.
"ჩემთვის ცნობილია, რომ იგი საკუთარ თავს არაჯანსაღად შეტრფის, ისიც გასაგებია, რომ მუდმივად ეჭვით შეფორიაქებულია და მხოლოდ თავის ეგოზე ზრუნვით არის ორსული, მაგრამ ზედმეტი აღარ იქნება შევნიშნო, რომ როცა მეორე ადამიანის ღირსება და პატივი ილახება და ცილისმწამებელი ცდილობს ეს მისი ქცევა ისე გაიგემრიელოს, რომ სტაბილურ მოვლენად აქციოს, რა თქმა უნდა, მის ამ გატაცებას მძიმე ბოლო ელოდება. ჰოდა, ვამჟღავნებ ამ წერილში ჩემ საიდუმლოდ ნალოლიავებ პოზიციას, რითაც იხსნება მისი ბოღმის შადრევნის ამოხეთქვები. რას ვიზამთ, მან კვლავაც ძალიან უადგილო ადგილას ჩაიწყვიტა თოკი. ვახსენე 2021-2022 წლები. რაც შეეხება უშუალოდ მის ჩამოსვლას ადგილობრივი არჩევნების წინ: ის საკუთარმა დაუძლეველმა ეჭვიანობამ აიძულა ჩამოსულიყო.
პლუს, სააკაშვილს “ის კაციც” და სხვებიც ეუბნებოდნენ, თუ ის არ ჩამოვიდოდა საქართველოში, მელია მას პარტიას წაართმევდა. თუმცა ის ამ ფობიით უკვე ისედაც შეპყრობილი იყო", - წერს მელია.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |