ნიკო მანაგაძე არის ადამიანი, რომელიც ოპოზიციურად არის განწყობილი და პოზიციონირებს ქართველი სტუდენტების და ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეებში არსებული თვითმმართველობების სახელით. ჩვენ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდი, ბატონი ვარლამ ლიპარტელიანი და ამ შეხვედრის ორგანიზატორები, მან დაგვადანაშაულა იმაში, რომ ეს შეხვედრა არა თავისუფალი და საჯარო, არამედ, დახურული პარტიული შეხვედრაა, - განაცხადა "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრმა, ნუგო შოშიაშვილმა, ახალგაზრდულ კონფერენციაზე.
როგორც შოშიაშვილმა აღნიშნა, მანაგაძე სიღნაღში გასამართ კონფერენციაზე მოიწვია, თუმცა, ის შეხვედრაზე არ მოვიდა, ვინაიდან, საზოგადოებაში რადიკალიზაციის ხელოვნურად გაღვივებას ცდილობს.
მისივე თქმით, ნიკო მანაგაძეს ახალგაზრდული ორგანიზაციის მომდევნო შეხვედრაზე, რაჭაში იწვევს, რადგან, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაცია და სახელისუფლებო გუნდი აქტიურად იბრძვის ქართული საზოგადოების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების ხელოვნური დაყოფის წინააღმდეგ.
"რა თქმა უნდა, მე პირდაპირ დავუწერე კახეთის შეხვედრის შესახებ და დავპატიჟე აქ, დღევანდელ შეხვედრაზე დროით და თარიღით. ჩვენ დღეს ბატონ ნიკო მანაგაძეს აქ მგონი ვერ ვხედავთ - ვერ ვხედავთ იმიტომ, რომ ის ემსახურება ხელოვნურ რადიკალიზაციას. სამწუხაროა, როცა ახალგაზრდა ადამიანი აკეთებს ამას. მესმის, იმ კონკრეტული ადამიანებისგან, რომლებსაც თავიანთი ინტერესები აქვთ და ეს მრავალი წლის განმავლობაში დაგვანახეს, თუმცა, განსაკუთრებით გულდასაწყვეტია ჩვენთვის, ახალგაზრდებისთვის, ქართველებისთვის, სტუდენტებისთვის, რომ ადამიანი, რომელიც ჯანსაღ დისკუსიაში უნდა შემოდიოდეს ჩვენთან, ბრალს გვდებს და არ იღებს პასუხისმგებლობას ამ ყველაფრის შესახებ. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით: რადგან კახეთში ვერ ჩამოვიდა, დავპატიჟებთ შემდეგ შეხვედრაზე რაჭაში, რომლის დროც და თარიღიც რა თქმა უნდა, გასაჯაროვდება, როგორც აქამდე ყველა შეხვედრის. ვეცდებით, შევიდეთ მასთან დისკუსიაში მისი განსხვავებული აზრის მიუხედავად და მცდელობისა, კიდევ ერთხელ, ხელოვნურად პოლარიზდეს ქართული საზოგადოება, განსაკუთრებით - ქართველი ახალგაზრდები და მოხდეს ხელოვნური დაყოფა და რადიკალიზაცია, რომელსაც, როგორც ჩვენ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაცია და ეს რეგიონული კონფერენციები, ისე სახელისუფლებო გუნდი, აქტიურად ვებრძვით," - აღნიშნა ნუგო შოშიაშვილმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |