49
30 მაისი 2026, 22:28
ბათუმში, მუხრან ვახტანგაძის სახელობის სპორტის სასახლეში გაიმართა შეხვედრა აჭარის რეგიონიდან საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილე ტაეკვონდოს, ფრენბურთის და ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ნაკრებ გუნდებთან.
ფესტივალის მონაწილეებს შეხვდნენ: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ელგუჯა ბერიშვილი, ოლიმპიური ჩემპიონი ვახტანგ ბლაგიძე, აჭარის სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირმა ნიჟარაძე, მუხრან ვახტანგაძის სახელობის სპორტის სასახლის ხელმძღვანელი შოთა დავითაძე და სეოკ-ის აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის და ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის სხვა ხელმძღვანელები.
შეხვედრის ფარგლებში სპორტული უწყებების ხელმძღვანელები გაეცნენ წინასაფესტივალო მზადების პროცესს და წარმატებებს უსურვეს ახალგაზრდა სპორტსმენებს საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფინალურ ეტაპზე, რომელიც 2-6 ივნისს ბათუმში გაიმართება.
საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე აჭარის რეგიონი ფესტივალის პროგრამით განსაზღვრულ სპორტის 17-ივე სახეობაში იქნება წარმოდგენილი.
საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო მულტისპორტული პროექტია, რომელიც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.
ფესტივალის აქტიური მხარდამჭერები არიან საქართველოს სპორტის სამინისტრო, აჭარის მთავრობა, აჭარის განათლების და სპორტის სამინისტრო და ბათუმის მერია.
ფესტივალის გენერალური სპონსორია Coca-Cola Bottlers Georgia ორი ფლაგმანი ბრენდით - „კოკა-კოლა“ და წყალი „მთის“.
საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი სპორტის 17 სახეობაში გაიმართება. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ 14-17 წლის სპორტსმენები (დაახლოებით 1200 მონაწილე) საქართველოს 12 რეგიონის ნაკრები გუნდებიდან.
ოლიმპიურ ფესტივალზე გამოვლინდებიან გამარჯვებულები სპორტის ცალკეულ სახეობებში, მთავარი პრიზი კი გადაეცემა რეგიონს, რომელიც საუკეთესო შედეგს აჩვენებს ქულათა ჯამური მაჩვენებლით.
აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონებში ჯანსაღი ცხოვრების წესის, ოლიმპიზმისა და სპორტის პოპულარიზაციას, სპორტის მასობრიობის ზრდასა და მომავალი ოლიმპიელების აღმოჩენას.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |