აჰმედ ჰუსენი: კიდევ ერთხელ ვადასტურებთ კანადის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
99 03 ივნისი 2026, 22:49

დიდი პატივი და სიხარული იყო ჩემთვის, რომ შევუერთდი ძალისხმევას იმ მიმართულებით, რათა მეტი კანადელი პარლამენტარი ჩართულიყო საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფში, რომელიც საქართველოსა და კანადის ურთიერთობების გაღრმავებას ისახავს მიზნად, - განაცხადა კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარე აჰმედ ჰუსენმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე.

აჰმედ ჰუსენის თქმით, აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1991 წელს, ქართველმა ხალხმა გამოავლინა მდგრადობა და კვლავაც მტკიცედ განაგრძო დემოკრატიული, მომავალზე ორიენტირებული და კეთილდღეობისკენ მიმართული სახელმწიფოს მშენებლობა.

„თქვენ საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნეთ თქვენი კულტურა, რწმენა და იდენტობა მრავალი გამოწვევისა და სირთულის მიუხედავად.

კანადა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და თქვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ კანადის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ასევე გიდასტურებთ მხარდაჭერას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით, რომლებიც ეფუძნება საერთო ღირებულებებს, ისტორიას, კულტურას და დემოკრატიისადმი ხანგრძლივ ტრადიციულ ერთგულებას.

საუკუნეების განმავლობაში საქართველო მდებარეობს ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე. როგორც კულტურების, ვაჭრობისა და კავშირების ხიდი. დღეს, გაურკვევლობით სავსე მსოფლიოში, ეს როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.

ბევრი კვლავაც ყურადღებით აკვირდება საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობას და მის როლს რეგიონულ დაკავშირებადობაში. ეს უკვე უწყობს ხელს და მომავალშიც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენს ფართო ეკონომიკურ თანამშრომლობას, სატრანზიტო დერეფნების უსაფრთხოებასა და რეგიონულ მდგრადობას.

როდესაც საქართველო მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს მიწოდების ჯაჭვების ქსელებისა და სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაში, ეს არამხოლოდ მისი მოსახლეობის კეთილდღეობას ზრდის, არამედ ფაქტობრივად აუმჯობესებს მისი მეზობლების ეკონომიკურ მდგომარეობასაც. ამიტომ, ეს არის ის მიმართულება, რომელსაც კანადა მხარს უჭერს.

საქართველოს სტაბილურობა, შესაბამისად, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიისთვის, არამედ უფრო ფართო ევროპული და შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურისთვისაც. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაცნობიერებთ გრძელვადიანი მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის მნიშვნელობას სამხრეთ კავკასიაში და საქართველოს კონსტრუქციულ როლს ამ პროცესში.

საქართველომ აჩვენა ძალიან მნიშვნელოვანი ერთგულება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართ და ერთ სულ მოსახლეზე, ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ის არის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ნატოს ხელმძღვანელობით მიმდინარე მისიებში. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც კანადასა და საქართველოს შორის ჩამოყალიბდა მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ნატოს პარტნიორობის ფარგლებში. ჩვენ ასევე ვაერთიანებთ ძალისხმევას ევროატლანტიკური მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის.

ამგვარად, ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებობს ღირებულებებისა და ტრადიციების ძლიერი საერთო საფუძველი. თუმცა მე ყოველთვის ვფიქრობ, რომ საპარლამენტო ჯგუფის, სხვა ინიციატივებისა და აქ არსებული ელჩის და საელჩოს შრომისმოყვარეობის მეშვეობით, ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება და განვითარდება.

ამ საღამოს მიზანია საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა და საქართველოს მხარდაჭერის გაგრძელება მის მისწრაფებებში. ეს მოიცავს ორმხრივად სასარგებლო ვაჭრობისა და ინვესტიციების განვითარებას, უფრო ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას, ასევე კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერებას“, - აღნიშნა მან.

დასასრულს, აჰმედ ჰუსენმა ღონისძიების მონაწილეებს ქართულად მიმართა.

„გაუმარჯოს საქართველოს!
გაუმარჯოს კანადას!“, - განაცხადა მან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი „ფორმულას“ ჟურნალისტზე: პარლამენტს შეეძლო, მთლიანად ტელევიზიისთვისაც შეეზღუდა აკრედიტაცია, მაგრამ ევროპარლამენტისგან განსხვავებით საქართველოს პარლამენტი უფრო დემოკრატიული და ლმობიერია
უსახლკაროს სტატუსის მქონე ქესანაშვილების ოჯახს ბინა გადაეცა
სუსი: რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ონკოპაციენტი ბავშვების მშობლების და მათი ოჯახების წევრების განცხადება: ლეიკემიის მქონე პაციენტების დისკრედიტაცია და პირადი ტრაგედიის „შავ იუმორად“ გარდაქმნა შეურაცხმყოფელია - Betsson sport-ს, გიორგი კალატოზს და მათ კოლეგებს ვთხოვთ ბოდიში მოუხადონ ყველას, ვისთვისაც ისედაც მტკივნეული თემა შეურაცხყოფად აქციეს
გიორგი პატარიძე - ელენე ხოშტარიასთან პირადი ექიმის დაშვებასთან დაკავშირებით შეფერხება არ ყოფილა
არქივი