ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიმართ არსებული საქმეების რაოდენობა ძალიან მცირე ნიშნულზეა. 15-წლიან პერსპექტივაში, 2011 წელთან შედარებით, 2026 წელს საქმეების რაოდენობა 93%-ით არის შემცირებული, რაც გულისხმობს მართლსაჯულების სისტემაში განხორციელებული რეფორმების ეფექტიანობას, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა პარლამენტში იურიდიული და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ ანგარიში წარადგინა.
მისი თქმით, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი ძალიან მაღალ დონეზეა უზრუნველყოფილი.
„ანგარიში, რომელიც წარმოდგენილია პარლამენტის წინაშე, ზოგად ტენდენციებს აჩვენებს, როგორ ხდება ქვეყნის შიგნით პროგრესი ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით. შესაძლებლობა გვაქვს, ეს შედეგები სხვა ევროპულ ქვეყნებში არსებულ მდგომარეობას შევადაროთ. ანგარიშის მიხედვით, რა მონაცემებიცაა წარმოდგენილი, მკაფიოდ დასტურდება, რომ დღეს, ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიმართ არსებული საქმეების რაოდენობა ძალიან მცირე ნიშნულზეა. 15-წლიან პერსპექტივაში, 2011 წელთან შედარებით, 2026 წელს საქმეების რაოდენობა 93%-ით არის შემცირებული. ეს ნიშნული იმდენად მაღალია, რომ ბუნებრივად გულისხმობს მართლსაჯულების სისტემაში განხორციელებული რეფორმების ეფექტიანობას, რადგან ადამიანები სტრასბურგის სასამართლოში მაშინ მიდიან, როდესაც მართლმსაჯულების სისტემით უკამყოფილო არიან. შედარებისთვის, 29 ევროპულ სახელმწიფოზე უკეთესი მაჩვენებელია, ამ ქვეყნებიდან 19 ევროკავშირის წევრია. შესაბამისად, ეს იმის მკაფიო და ობიექტური შეფასებაა, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი ძალიან მაღალ დონეზეა უზრუნველყოფილი. ევროპაში არ არის სახელმწიფო, რომ ნულზე იყოს ეს მაჩვენებლი. საქმეები, რომლებიც ევროპულ სასამართლოშია მიმდინარე, ყველა სახელმწიფოს წინააღმდეგ არის. საქმეების დიდი ჯგუფი ეხება ოჯახში ძალადობას, დისკრიმინაციას და არასათანადო მოპყრობას, რომელსაც ადგილი წლების წინ ჰქონდა. ასეთი საქმეების 84% 2012 წლამდე მომხდარ ფაქტებს უკავშირდება“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |