მიხარია, თუ გესმის და დისფუნქციურ ორგანიზმს რეალურ მოქმედ გუნდად აქცევ. წარმატებას გისურვებ ამაში, მხოლოდ გამიხარდება, თუ ამის შესაძლებლობა მოგეცემა და ყველას და ყველაფრის გინებას მორჩება „ერთიან ნაციონალური მოძრაობა“. იცი ამაზე ჩემი პოზიცია და არ გაგიკვირდება ჩემი კეთილი სურვილები, – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, თინა ბოკუჩავას ეხმაურება.
როგორც გვარამია წერს, იმედოვნებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებს.
„ასევე, იმედი მაქვს, ალიანსის საქმიანობაში რამე მონაწილეობას მაინც მიიღებთ, მიტინგზე გამოსასვლელად სცენასთან მოსვლის და სიტყვით გამოსვლის მოთხოვნის გარდა. რამეს, ელემენტარულს მაინც. რაც შეეხება თამარ ბაღაშვილის კომენტარს მიშა სააკაშვილზე ჩემი თავდასხმის შესახებ, რბილად რომ ვთქვათ, სინამდვილეს არ შეესაბამება და სამწუხარო მოსასმენია.
P.S. „ნაცმოძრაობა“, სადაც, ბოლო რამდენიმე წელია, სკანდალურად იცვლება თავმჯდომარეები, სხვა პარტიაში ტურბულენტობაზე ლაპარაკობდეს, ძალიან არასერიოზულია“, – წერს ნიკა გვარამია.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ერთ-ერთი მედიის ეთერში სტუმრობისას განაცხადა: „არ მეგონა, რომ ნიკა გვარამიას მხრიდან ამგვარ თავდასხმას ვიხილავდი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“. ვფიქრობ, ეს განპირობებულია იმ შიდაპარტიული ტურბულენციით, რომელიც თავად „ახალშია“. სწორედ ამ პერიპეტიებმა განაპირობა, რომ ამგვარი საჯარო განცხადება გააკეთა. ამას მივაწერ ასეთ განცხადებას, რომელიც ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო და ძალიან გაკვირვებული დამტოვა. რაც შეეხება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან საუბარი იყო, რამდენად ქმედითუნარიანია თავად პარტია, მერწმუნეთ, ვინ-ვინ და მე გადასარევად მესმის, რა არის გასაკეთებელი „ნაციონალურ მოძრაობაში“, რათა კიდევ უფრო ბრძოლისუნარიანი გახდეს პარტია“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |