ვლადიმერ პუტინი - ზელენსკისთან შეხვედრა შეთანხმების მიღწევის შემდეგ არის შესაძლებელი, უკრაინული მხარისთვის ერთადერთი აზრი ჩვენი შეიარაღებული ძალების წინსვლის შეჩერებაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
54 05 ივნისი 2026, 20:19

ზელენსკისთან შეხვედრა შეთანხმების მიღწევის შემდეგ არის შესაძლებელი, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„შეხვედრაში აზრს ვერ ვხედავ. უკრაინული მხარისთვის ერთადერთი აზრი ჩვენი შეიარაღებული ძალების წინსვლის შეჩერებაა, სულ ესაა. ჩვენ გვჭირდება შეთანხმებები არა ექვსი თვის, არა სამი თვის, არამედ გრძელვადიანი ისტორიული პერსპექტივისთვის. მიეცით საშუალება ექსპერტებს, იმუშაონ, შეიმუშაონ გარკვეული გადაწყვეტილებები და შემდეგ შესაძლებელია შეხვედრა“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთს არ სჭირდება მინსკის შეთანხმებების მსგავსი შეთანხმებები.

„მთელი ღამე მინსკის შეთანხმებების ფორმულირებაზე გავატარეთ, შემდეგ კი გვითხრეს, რომ ეს იყო თაღლითობა, რომელიც კიევის დროის მოსაგებად შეიქმნა. რაში გვჭირდება ასეთი შეთანხმებები?“, – აღნიშნა პუტინმა.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა ზელენსკის წერილის საპასუხოდ რუს სამხედროებს მიმართა.

„ჩვენ უნდა მივმართოთ არა ამ წერილის ავტორებს, არა მათ, ვისაც ეპისტოლარული ჟანრი მოსწონს, არამედ საბრძოლო მოქმედებების ხაზზე მყოფ რუს ჯარისკაცებს. ამიტომ, მათდამი მიმართვისას მინდა, ვთქვა: ამხანაგო ჯარისკაცებო და მეზღვაურებო, ამხანაგო უმცროსო ოფიცრებო და უფროსო ოფიცრებო, ადმირალებო და გენერლებო, მთელი ქვეყანა თქვენ გიყურებთ, მთელი ქვეყანა თქვენით ამაყობს და თქვენი იმედი აქვს. განაგრძეთ მუშაობა, ძმებო!“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ზელენსკიმ მას შეხვედრა რუსი ბიზნესმენის მეშვეობით სთხოვა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ღია წერილი გაუგზავნა. წერილი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. წერილში ზელენსკიმ პუტინს მიმართა: „ნუ შეგეშინდებათ ომიდან გამოსვლის, ახლა თქვენგან სწორედ ეს არის საჭირო. ომის დასრულების შეთავაზება გვაქვს, განვსაზღვროთ ჩვენი შეხვედრის კონკრეტული თარიღი“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი