საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა გადაცემაში „იმედის კვირა“ პროექტ „დინოტოპიის“ შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ინიციატივა სახელმწიფოსგან წამოვიდა.
„ეს ინიციატივა ამჯერად სახელმწიფოს მხრიდან წამოვიდა. ჩვენ დაგვიკავშირდა Starring Georgia, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, არის სახელმწიფო ორგანიზაცია და მართავს იმ ობიექტებს, რომლებიც წლების წინ, ძირითადად, ფონდ „ქართუს“ მიერ არის შექმნილი. ფონდმა „ქართუმ“ გამოისყიდა ეს მიწის ნაკვეთი იმ კონკრეტული ორგანიზაციისგან, ვისაც იგი ეკუთვნოდა, და მეორე დღესვე ჩუქების ფორმით გადასცა სახელმწიფოს“, - განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.
მან პროექტის გარშემო დაწყებული სპეკულაციებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ გზით მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ.
„ჩვენ შეჩვეულები ვართ იმას, რომ არ აქვს მნიშვნელობა, თუ რას ახორციელებს ფონდი „ქართუ”, ყოველთვის ვიღებთ გაუმართლებელ და უადგილო კრიტიკას, ცრუ ბრალდებებს. გამოაგორებენ უცებ უსახელო ექსპერტებს, რომლებიც ჭკვიანი სახით და უცხოური ტერმინების რახარუხით, ასე ვთქვათ, ცდილობენ მაყურებლის შეცდომაში შეყვანას.
რეალობა კი უბრალოდ მდგომარეობდა იმაში - რომ ფონდმა მორიგ ჯერზე ქველმოქმედების აქტი ჩაიდინა და გადასცა უძრავი ქონება სახელმწიფოს,“ - აღნიშნა ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ.
როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილის მორიგი ქველმოქმედება ოპოზიციის მხრიდან კვლავ სპეკულაციებისა და დეზინფორმაციის საგანი გახდა. საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის შეთანხმება შედგა, რომლის თანახმად, „ციცინათელას“ პარკთან მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შპს „აკვა ცენტრისგან“ შეიძინა ფონდმა „ქართუმ“ და იგი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა. ეს ტერიტორია არსებულ გასართობ სივრცეს შეუერთდება, შედეგად კი, შეიქმნება ერთიანი, მასშტაბური ტურისტული კომპლექსი. ამ ტერიტორიაზე „სთარინგ ჯორჯია“ საქართველოში ყველაზე დიდ დინოპარკს „დინოტოპიას“ გახსნის.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |