1992 წლის შემდეგ დენის გადასახადს არ ვიხდით და თავის დროზე ამან გადაგვარჩინა. მაღალმთიანი რეგიონია მესტიის მუნიციპალიტეტი და იქიდან ხალხი არ დაცალა, მაგრამ 2016 წლიდან, როდესაც მაინინგი შემოვიდა, ნელ-ნელა დაიწყო მაინერების შემოტანა სვანეთში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.
მისივე თქმით, სვანეთი დენის უზომო მოხმარებაზე გადავიდა და უკონტროლო გახდა ეს ყველაფერი.
„სახელმწიფო მივიდა იმ დონემდე, რომ ეს მაინინგი ამოეღო. ვეთანხმები, რომ ჩვენ მუნიციპალიტეტის განვითარებას ძალიან უშლის ხელს. არის პერიოდი, მაგალითად ზამთარში , როდესაც უშუქოდ ვართ. არის პერიოდი, რომ დღის განმავლობაში მესტიის ერთი ნაწილი გამორთული გვაქვს საბაგირომ რომ იმუშაოს და 6 საათის შემდეგ საბაგირო ითიშება და მერე ვაძლევთ ელექტრო ენერგიას იმ დასახლებებს. სამწუხაროდ ასეთი შემთხვევებიც არის ამ გაზრდილი მაინინგის გამო.
მოსახლეობას თუ შევეკითხებით, არავის არ სურს ელექტროენერგიის საფასურის გადახდა, მაგრამ გარკვეულწილად ესეც იქნება. უნდა დაითვალოს სხვანაირად. მოსახლეობის ნაწილი მზადაა საფასური გადაიხადოს, მაგრამ არის გადახდის უუნარო მოსახლეობაც. ყველაფერი სწორად უნდა გავიაროთ, ასე გაგრძელება ჩვენთვის აღარ შეიძლება, გაუსაძლისი სიტუაციაა“, - აღნიშნა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.
საქართველოს მთავრობა ენერგეტიკული სექტორისთვის დამაზიანებელი არალეგალური ბიზნესსაქმიანობის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას იწყებს, ერთ-ერთი მსხვილი გამოწვევა ამ მიმართულებით შეეხება უკანონო კრიპტომაინინგის პროცესს მესტიის მუნიციპალიტეტში, დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო მოხმარება მნიშვნელოვნად აზიანებს როგორც ქვეყნის ენერგეტიკას, ასევე მესტიის ადგილობრივ მოსახლეობას და კერძო სექტორს.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |