მნიშვნელოვანია, რომ 4 ოქტომბრის მოძალადეების ნაწილმა აღიარა დანაშაული. ეს ჩვენ კიდევ ერთხელ გვახსენებს იმ საბედისწერო მომენტებს 4 ოქტომბრისა, როდესაც ბრიუსელიდან ხელის წაკვრით და წაქეზებით დაგვაყენეს იმ ხაზზე, რომელიც საქართველომ 90-იან წლებში გადაკვეთა და გვქონდა შიდა დაპირისპირება და სამოქალაქო ომი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, გარე ძალები რადიკალების წაქეზებით საქართველოში ნეპალის მოწყობას გეგმავდნენ, რაც მოძალადეების აღიარებითმა ჩვენებებმაც დაადასტურა.
„მნიშვნელოვანია, რომ 4 ოქტომბრის მოძალადეების ნაწილმა აღიარა დანაშაული. ეს ჩვენ კიდევ ერთხელ გვახსენებს იმ საბედისწერო მომენტებს 4 ოქტომბრისა, როდესაც საქართველო იდგა მშვიდობასა და დაპირისპირებას შორის. ჩვენ პირდაპირ ბრიუსელიდან ხელის წაკვრით და წაქეზებით დაგვაყენეს იმ ხაზზე, რომელიც საქართველომ 90-იან წლებში გადაკვეთა და გვქონდა შიდა დაპირისპირება და სამოქალაქო ომი. ამისკენ გვითრევდნენ, როდესაც ამბობდნენ, რომ უნდა მოეწყოთ ნეპალი. ნეპალი სწორედ სამოქალაქო ომს, დაპირისპირებასა და სისხლისღვრას გულისხმობს და ამას დაუჭირა მხარი ევროკომისიამ 4 ოქტომბრამდე. და 4 ოქტომბერს, როდესაც პირდაპირ მიდიოდა ძალადობა, ახლა ამ მოძალადეებმა რომ აღიარეს დანაშაული, როგორც ძალადობა, ასევე აღიარეს მათი მიზანი, რომ ხელში ჩაეგდოთ პრეზიდენტის სასახლე და ამ მიზნის განხორციელების პროცესში, ონლაინ მხარს უჭერდნენ მოძალადეებს რასა იუკნევიჩიენე, მაია სანდუ და ა.შ. პოლიტიკოსები, რომლებიც გამოირჩევიან საქართველოს მიმართ მტრული განწყობებით.
ასე რომ ეს კიდევ ხაზს უსვამს, თუ რამხელა საფრთხის წინაშე იდგა ჩვენი საზოგადოება ბრიუსელის წაქეზებით, რა საფრთხე აიცილა ჩვენმა საზოგადოებამ. და აიცილა იმიტომ, რომ ჩვენი უსაფრთხოების სისტემა იყო მოწოდების სიმაღლეზე და შეძლო ამ სისხლისღვრისკენ მიმართული პროცესის ნეიტრალიზება.
და მეორე, ეს აჩვენებს კიდევ ერთ რამეს, რომ ამის შემდეგ გაწირეს ეს ადამიანები. სად არის რასა იუკნევიჩიენები და ა.შ. ესენი ისხდნენ ციხეში და ასე გაწირეს ციხისთვის და ისევ საქართველოს სახელმწიფომ გაუწოდა ხელი, რომ აღიარების, სინანულის შემთხვევაში ადეკვატური რეაქცია ჰქონდა პროკურატურას მათ მიმართ.
მე მოვუწოდებდი სხვა მოძალადეებს, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებაში არიან და ამ პროცესის მონაწილეები იყვნენ, აღიარონ საკუთარი დანაშაული. ჩვენთვის ნათელია, რომ ეს დანაშაული იყო წაქეზებული გარედან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული კიდევ 4 პირი დანაშაულს აღიარებს - მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება. მანამდე დანაშაული ამავე საქმეში ბრალდებულმა სხვა პირებმაც აღიარეს.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |