უკრაინის პრეზიდენტმა Sky News-ს განუცხადა, რომ ომის დასრულების ყველაზე სწრაფი გზა შეხების ხაზზე ცეცხლის შეწყვეტაა და ეს კიევის მიერ ტერიტორიების დათმობას არ ნიშნავს. ვოლოდიმირ ზელენსკის განმარტებით, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები მყარ მშვიდობაზე. ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთს ომის დასრულება არ სურს და მას მშვიდობის დამყარება დასავლელი პარტნიორების წნეხით უნდა აიძულონ.
„ყოველთვის ვცდილობდი, რომ ევროპა ჩართული ყოფილიყო ჩვენთან, ამერიკასთან და რუსეთთან მოლაპარაკებებში, რადგან ეს მნიშვნელოვანია. ევროპა დიდია, ბევრი ლიდერია და უნდა ავირჩიოთ, ვინ შეიძლება იყოს ჩვენი წარმომადგენელი. პუტინს ომის დასრულება არ სურს. მას გამარჯვება უნდა ამ საშინელ ომში. ვითარების ფრონტის ხაზზე გაყინვა ყველაზე სწრაფი საშუალებაა მშვიდობისთვის, მაგრამ მთავარია ომის ისე დასრულება, რომ ის არასოდეს განახლდეს. ტერიტორიულ დათმობაზე საუბარი არ გვაქვს. ცეცხლი ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად უნდა შეწყდეს. შემდეგ შეგვიძლია დავსხდეთ, ვისაუბროთ რთულ საკითხებსა და ომის სრულად დასრულებაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |