საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია სომხეთის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდა. დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, მდივანი გიორგი ჯავახიშვილი, წევრები გიორგი ძაგანია და არჩილ ანასაშვილი, ასევე საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გიორგი ეზუგბაია შედიოდნენ, ერევანში უშუალოდ სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოწვევით იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციების წევრები საარჩევნო უბნების გახსნას, პროცესის მიმდინარეობას და უბნების დახურვის ეტაპს დააკვირდნენ. ასევე შეხვდნენ სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და წევრებს, სადაც ყველა იმ საქმიანობის შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად განახორციელა. როგორც ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა არჩევნებისთვის მზადების პროცესში ძალიან დიდი სამუშაოები განხორციელდა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაციას შესაძლებლობა ჰქონდა შეხვედრები გაემართა სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებთან და მათთან სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებზე ემსჯელა. ასევე გაიმართა შეხვედრები საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან.
საპარლამენტო არჩევნები სომხეთში 7 ივნისს გაიმართა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |