დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის პარტნიორობის განსაკუთრებული მნიშვნელობა, ჩვენი პარტნიორობის სიმტკიცე და სამომავლო განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სტამბოლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ბოჭორიშვილმა თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა, საქართველო მომავალშიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფაში.
ამასთან, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის შემდგომ მინისტერიალს თბილისი უმასპინძლებს.
„დღეს ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონული დაკავშირებადობის, სატრანსპორტო და ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხებზე. ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული მდებარეობა და არსებული ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპისა და აზიის დაკავშირებადობის თვალსაზრისით. გავაგრძელებთ თანამშრომლობას ჩვენი ქვეყნების როლის გასამტკიცებლად, რომელიც ხელს უწყობს უსაფრთხო, მდგრადი და ეფექტიანი სატრანზიტო, სავაჭრო, ეკონომიკური კავშირების განვითარებას, ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი საიმედო ხიდის ფუნქციის შესრულებას.
ამ კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ შუა დერეფანზე, რომელიც დღეს საერთაშორისო ვაჭრობისა და ტრანზიტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მარშრუტად ყალიბდება. გამოვხატეთ მზადყოფნა, გავაგრძელოთ მჭიდრო თანამშრომლობა მისი კონკურენტუნარიანობის, ეფექტიანობისა და მიმზიდველობის კიდევ უფრო გასაზრდელად.
მივესალმეთ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის სრულფასოვან ამოქმედებას, რომელიც შუა დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და დამატებით შესაძლებლობებს შექმნის რეგიონული დაკავშირებადობის გასაძლიერებლად.
განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის მნიშვნელოვანი როლი ენერგორესურსების ტრანსპორტირებისა და ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით. ხაზი გაესვა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის პროექტების წარმატებას, აგრეთვე სამხრეთის გაზის დერეფნის სტრატეგიულ მნიშვნელობას.
ამასთან, ყურადღება გავამახვილეთ მწვანე ენერგეტიკული დერეფნის განვითარებაზე, რაშიც, ასევე, ჩვენს ქვეყნებს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ. ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცელი კაბელის პროექტს, რომელიც ხელს შეუწყობს შავი ზღვის რეგიონის ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას და რეგიონთაშორისი შესაძლებლობების შექმნას. ვისაუბრეთ ასევე სხვადასხვა სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის უსაფრთხოებაზე და ახალი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობაზე. არსებობს მტკიცე პოლიტიკური ნება, რომ ჩვენი პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და მეტ კონკრეტულ შედეგში აისახოს. დასასრულს, მსურს, აღვნიშნო, რომ დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის განსაკუთრებული მნიშვნელობა, ჩვენი პარტნიორობის სიმტკიცე და სამომავლო განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნების მჭიდრო პარტნიორობა მომავალშიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის, დაკავშირებადობისა და ეკონომიკური განვითარების განმტკიცებაში. საქართველო კვლავაც დარჩება საიმედო პარტნიორად და აქტიურად განაგრძობს ძალისხმევას საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიმართულებით. შევთანხმდით, რომ შემდეგი შეხვედრის მასპინძელი იქნება საქართველო. მომდევნო მინისტერიალი საქართველოში გაიმართება. მოუთმენლად ველოდები მომავალ წელს, რომ გიმასპინძლოთ ჩვენს ქვეყანაში თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |