ეს არის ჯო უილსონის აკვიატება. ეს აკვიატება ვინმეს თუ გადაედება ცუდი მისთვის. ამ აკვიატებას ერთადერთი მიზანი აქვს, რომ საინფორმაციო ხმაური შექმნას, თორემ უკაცრავად, მაგრამ აშშ ირანისა და რუსეთის გავლენებზე ისე დაზვერვას არ აწარმოებს და ინფორმაციებს არ აგროვებს?! - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჯო უილსონის ინიციატივით მიღებულ კანონოროექტს, რომელიც აშშ-ის ხელისუფლებას ირანისა და რუსეთის სადაზვერვო ქსელების მოქმედების შესწავლას ავალდებულებს.
მისი თქმით, სასაცილოა თუკი ვინმეს სჯერა, რომ ამ საქმიანობას აშშ-ის ხელისუფლება ჯო უილსონის მოწოდების გარეშე აქამდე არ ახორციელებდა.
„ანუ ჯო უილსონის მოწოდება სჭირდება დონალდ ტრამპს, რომ რუსეთთან და ირანთან დაკავშირებით, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იზრუნოს საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე გავლენების გამოვლენაზე, შესწავლასა თუ რეაგირებაზე?! მართლა საბავშვო ბაღივით იქცევა ზოგიერთი გარე პოლიტიკოსი. ამ პოლიტიკური ცირკის მონაწილეებს თუ დააჯერებს ახლა ვინმე რამეს, რომ ჯო უილსონის კანონი და მოწოდება სჭირდება აშშ-ის ხელისუფლებას და მის პრეზიდენტს, რომ რუსეთისა და ირანის გავლენა შეისწავლოს ნებისმიერ წერტილში ამ პლანეტის. სხვა რამით კი არ არის დაკავებული, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ტრამპის ადმინისტრაცია. ეს არის აბსოლუტური ბუტაფორია ხმაურის შესაქმნელად“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი „კავკასიაზე ჩინეთის კონტროლთან გამკლავების შესახებ“, რომლის ინიციატორები არიან კონგრესმენები ჯო უილსონი და სტივ კოენი. დოკუმენტი აშშ-ის დაზვერვასა და აღმასრულებელ ხელისუფლებას ავალდებულებს, დეტალურად შეისწავლონ საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო ქსელების მოქმედება და მათი შესაძლო თანამშრომლობა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |