იმ პარტიის მხრიდან, რომლის გაქცეული ლიდერი არის ჩორჩანას შემოქმედი, საუბარი ცხინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკაზე, ანექსიის პოლიტიკაზე და ა.შ, არის უბრალოდ საქართველოს პარლამენტის ლოგიკის დაცინვა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტმა ჰკითხა, რატომ არ უჭერს პარლამენტი მხარს პარტია „საქართველოსთვის“ რეზოლუციის პროექტს, სადაც რუსეთის ანექსიური პოლიტიკის დაგმობას ითხოვენ.
„იმ პარტიის მხრიდან, რომლის გაქცეული ლიდერი არის ჩორჩანას შემოქმედი, რომელმაც საქართველოს ტერიტორიის მილიონი კვადრატული მეტრი ფაქტობრივ გავლენაში გადასცა რუსეთს, ოკუპანტს, საუბარი ცხინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკაზე, ანექსიის პოლიტიკაზე და ა.შ, არის უბრალოდ საქართველოს პარლამენტის ლოგიკის დაცინვა.
ჩორჩანას საკითხი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის გამოძიების საკითხიც იყო და შეგიძლიათ დასკვნაშიც ნახოთ რა როლი მიუძღვის გაქცეულ გიორგი გახარიას ამ საქმეში“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტიის „გახარია – საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას ჩორჩანის საქმეზე 2025 წლის ნოემბერში აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურის ცნობით, მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ 2019 წელს ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ და აღნიშნული ქმედებები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების საბაბად გამოიყენეს.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |