გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა. მნიშვნელოვანია, რომ უპირველეს ყოვლის ორმხრივ ურთიერთობებზე ვიზრუნოთ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სერბეთის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შესახებ დასმული კითხვის პასუხად.
ამასთან, პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, კანდიდატმა ქვეყნებმა გააერთიანონ ძალები და ერთმანეთთან ისაუბრონ იმ საკითხებზე, რაც ევროინტეგრაციის პროცესს ეხება.
„სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ევროპული ფორმატები სულ უფრო მეტად იქცევა, მათ შორის ქვეყნების დასაპირისპირებლად, ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქვეყანამ, განსაკუთრებით კანდიდატმა ქვეყნებმა ორმხრივი ურთიერთობების ნაწილში იზრუნონ, რომ იყვნენ სათანადო დონეზე. იცით, რომ საქართველო მუშაობს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, არსებობს პირდაპირი ფრენები, ეკონომიკური და ტურისტული გაცვლა.
რაც შეეხება ევროპული ინტეგრაციის პროცესს, მე არაერთ ევროპელ ლიდერთან (კანდიდატი ქვეყნებდან) მქონია საუბარი; იმედგაცრუება, რომელიც სუფევს კანდიდატ ქვეყნებში, საკუთარი თავის მოტყუებულად ჩათვლა - ეს არის ის საერთო მწარე გემო, რაც ყველას დაჰკრავს ბრიუსელთან ურთიერთობის შემდეგ. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ამ მხრივ, კანდიდატმა ქვეყნებმა გააერთიანონ ძალები, ისაუბრონ ერთმანეთთან, ვინაიდან ჩვენ არ უნდა ვიყოთ ობიექტი გაფართოების, არამედ თანამონაწილე უნდა ვიყოთ ამ პროცესის. ბრიუსელი გაფართოების პროცესის ობიექტად გვხედავს და არა როგორც ამ პროცესის თანამონაწილედ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |