მე კარგად ვარ, ჩემზე არ ინერვიულოთ! - წავედი იმ ქვეყანაში, სადაც ყველა ადამიანის უფლებები დაცულია, - ამის შესახებ 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მსჯავრდებული ია დარახველიძე, რომლის მიმართ ქვეყნის მასშტაბით ძებნა გამოცხადდა, სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, აპირებს ბოლომდე გააგრძელოს ბრძოლა.
„ეს დღე უმძიმესია ჩემთვის! პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენი უდანაშაულო, მებრძოლი ადამიანები გაუშვეს ციხეში!
დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე, გიორგი ჩახუნაშვილი, ზაქრო ალბუთაშვილი, დავით სტურუა - გმირები ხართ ჩემთვის და მთელი საქართველოსთვის! მთელი დასავლეთ სამყაროსთვის!
მე კარგად ვარ! ჩემზე არ ინერვიულოთ!..
სამყარო რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, სავსეა ბოროტებით და ამის წინააღმდეგ ყველას ჩვენი ხმა თუ ქმედება, მნიშვნელოვანია!
მე წავედი იმ ქვეყანაში სადაც ყველა ადამიანის უფლებები დაცულია. ვიცი, ჩემი ციხეში ჩაჯდომა არავის გაგიხარდებოდათ და კიდევ ერთი ტკივილი და საზრუნავი იქნებოდა თქვენთვის, ამ ისედაც პრობლემებით სავსე საქართველოში არ მინდა, ჩემზე ნერვიულობაც დაგმატებოდათ. ისედაც ძალიან ბევრი პოლიტპატიმარი გვყავს და არავის ვუსურვებ იმ მდგომარეობაში აღმოჩენას, რომელშიც ისინი არიან.
მჯერა, რომ უსამართლობას თავისი დასასრული ექნება და ყველა ადამიანი, ვინც პასუხისმგებელია ამ ყველაფერზე, აუცილებლად აგებს პასუხს. მე პირადად ვაპირებ, ბოლომდე გავაგრძელო ეს ბრძოლა და რეჟიმის ყველა წევრს ვაგებინო პასუხი!
მივხვდი რომ ჯერ დრო არ დამდგარა ამის, მაგრამ ისიც ხომ ვიცით რომ ამ ომს მოვიგებთ! იცით და არ ვნებდებით! არ დავნებდებით!
მალე სულ მალე იქნება ეს დღე!
მიყვარხართ უზომოდ და მინდა რომ შიშმა არ მოგიცვათ!
ყოველდღე თქვენი სიტყვა თუ ქმედება ამ რეჟიმს ასუსტებს და ბოლოს ჩამოშლის კიდევაც!
თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს!“, -წერს ია დარახველიძე.
4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 6 პირი - ია დარახველიძე, დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე, ზაქრო ალბუთაშვილი და დავით სტურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო. მისი განაჩენით, შვიდივე ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. საბოლოოდ, ყველა მათგანს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, თუმცა თავდაპირველად, მოსამართლემ, ია დარახველიძესთან დაკავშირებით 3-წლიანი პატიმრობის განაჩენი გამოაცხადა.
ია დარახველიძის ადვოკატის, რევაზ აჭარაძის განმარტებით, მოსამართლე გიორგი გელაშვილს ია დარახველიძის ნაწილში სასჯელის ზომა, რომლის მიხედვითაც, მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, შეეშალა.
როგორც აჭარაძე განმარტავს, მას მოსამართლის თანაშემწე დაუკავშირდა და უთხრა, რომ ხარვეზის აღმოფხვრაზე შესაბამისი განჩინება გაკეთებულია. შესაბამისად, ია დარახველიძეს, ისევე როგორც დანარჩენ 6 პირს, თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით განესაზღვრა.
„თანაშემწემ დამირეკა სასამართლოდან, სასჯელი 3 წელი კი არა, 5 წელი არის, ასეთი შეცდომა მოხდა, იცოდეთ, 5 წელია სასჯელიო. არ ვიცი, ტექნიკური შეცდომა არის თუ როგორიც არის. მოსამართლე 3 წელს ვერ მიუსჯიდა, როგორც ადვოკატი გეუბნებით, ვინაიდან მუხლი 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და როგორ მიუსჯიდა 3 წელს? ეს აპელაციას შეეძლო გამოესწორებინა, მაგრამ თვითონვე აღმოფხვრეს ხარვეზი. შესაბამისი განჩინება ხარვეზის აღმოფხვრაზე გაკეთებული გვაქვს და ჩაგბარდებათო, განაჩენთან ერთად ჩამბარდება და ვნახავ“, - განაცხადა აჭარაძემ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |