გულდასაწყვეტია, როდესაც ერთ დღეს პრეზიდენტი სააკაშვილი განახლებული ნდობის მანდატს გაძლევს და რამდენიმე დღის შემდეგ საპირისპირო, ერთგვარი კრიტიკანარევი შინაარსის პოსტებს კითხულობ და უკვე სხვა კანდიდატს ასახელებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ ამაში გარკვეული როლი ითამაშეს „იმ კომუნიკატორებმა, რომლებიც სააკაშვილთან ყოველდღიურად შედიან“.
„ქვეყანაში არ ვიყავი, როცა ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი უერთდებოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგებს. გაერთიანებულ სამეფოში გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, შეხვედრები პარლამენტში, საგარეო საქმეთა სამინისტროში და ასე შემდეგ. იქიდანვე გამოვეხმაურე ამ მოვლენას, რადგან მივიჩნიე, რომ ეს არის ძალიან დადებითი მოვლენა, ნანუკას შეუძლია დადებითი დინამიკის და იმპულსის შემოტანა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“. დიდი ხანია, ის არის პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდამჭერი, ამიტომ იმედი მაქვს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერიც იყო ბუნებრივად. უაღრესად დასაფასებელია მისი ენერგია, საორგანიზაციო ნიჭი, ის, რომ ამდენ ადამიანს ეხმარება, მისი შრომა, რასაც აკეთებს სამოქალაქო აქტივიზმის სფეროში. შესაბამისად, პირიქით, ძალიან პოზიტიურად აღვიქვი და აღვიქვამ დღესაც მის გადაწყვეტილებას, რომ შემოუერთდეს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.
რაც შეეხება პრეზიდენტ სააკაშვილის ბოლოდროინდელ პოსტებს, ბუნებრივია, ერთგვარად გულდასაწყვეტია, როდესაც ერთ დღეს ადამიანმა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა, გამომიცხადა ნდობა, როგორც პარტიის თვმჯდომარეს, რომ სწორედ ჩემი მონაწილეობით, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარის, განხორციელებულიყო ცვლილებები, რომლებიც სასიცოცხლოდ გვჭირდება. ასეთ ვითარებაში, როდესაც რეპრესიები გრძელდება, რა თქმა უნდა, ყოველთვის მნიშვნელოვანია გადაჯგუფება, ახალი ადამიანების მოყვანა, ახალი ენერგიის მიცემა, ახალი ხედვების შემოტანა პარტიაში. ეს არის ჯანსაღი პროცესი და ამის გარეშე პოლიტიკური პროცესი საერთოდ არ არსებობს. ბუნებრივია, გულდასაწყვეტია, როდესაც ერთ დღეს განახლებული ნდობის მანდატს გაძლევს პრეზიდენტი და სულ რამდენიმე დღის შემდეგ საპირისპირო შინაარსის პოსტებს კითხულობ, ერთგვარი კრიტიკანარევი შინაარსის, და უკვე სხვა კანდიდატს ასახელებს. რა შეიცვალა, ვერ გეტყვით. ვფიქრობ, რას დავაბრალო ეს – მისკომუნიკაციას, მის იზოლაციას, გაუგებრობას? ვფიქრობ, გარკვეული როლი ითამაშეს და თამაშობენ ის კომუნიკატორები, რომლებიც პრეზიდენტ სააკაშვილთან ყოველდღიურად შედიან. სახელებსა და გვარებს ნამდვილად არ დავასახელებ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |