მშიერი ადამიანების ნაცვლად, მსოფლიო ლიდერები ომებს „კვებავენ“, – ამის შესახებ რომის პაპმა ლეო XIV-მ რომში გაერო-ს მსოფლიო სურსათის პროგრამისადმი (WFP) მიმართვისას განაცხადა.
მისივე თქმით, ლიდერების გლობალური პრიორიტეტები ძალიან დამახინჯებულია.
კათოლიკური სამყაროს წინამძღოლმა მთავრობებს მოუწოდა, გაზარდონ ხარჯები შიმშილობასთან საბრძოლველად და არ შეზღუდონ სასურსათო პროგრამები.
მისივე თქმით, ქვეყნები „სულ უფრო მეტად ანაწილებენ თავიანთ რესურსებს ეროვნული უსაფრთხოების, ეკონომიკური ზრდისა და შიდა სტაბილურობისკენ, ამავდროულად კი, მათ საერთაშორისო საჭიროებები ავიწყდებათ.
„ნამდვილი თანამშრომლობის შენარჩუნების უნარის მქონე საერთო ეთიკური ჰორიზონტის არარსებობის გამო საერთაშორისო სისტემა მრავალმხრივობიდან გადავიდა არეულ და კონფლიქტებით სავსე მრავალპოლარიზმზე, სადაც უნდობლობის გრძნობა ჭარბობს. შესაბამისად, სახელმწიფოები სულ უფრო მეტად ანაწილებენ თავიანთ რესურსებს ეროვნული უსაფრთხოების, ეკონომიკური ზრდისა და შიდა სტაბილურობისკენ. ასევე მნიშვნელოვანია, წინააღმდეგობა გავუწიოთ ადამიანის ძირითადი საჭიროებების კომერციალიზაციას. საკვები, წყალი და ჯანდაცვა, არ შეიძლება, დაექვემდებაროს საბაზრო მოსაზრებებს ან გეოპოლიტიკურ ინტერესებს. საკვებზე წვდომა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც თითოეული ადამიანის ღირსებაზეა დაფუძნებული. ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილება არა მხოლოდ ტანჯვას ამსუბუქებს, არამედ გეოპოლიტიკური არასტაბილურობის გამომწვევ მიზეზებსაც აგვარებს. მართლაც, სურსათის უვნებლობა გლობალური და ინტეგრალური უსაფრთხოების აუცილებელი კომპონენტია“, – განაცხადა მან.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |