„გახარიელი“ რომ საუბრობს, როგორ შეიძლებაო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდოს? - ესენი არიან იმ ძალის წარმომადგენლები, რომელთა ბელადიც ახლა ბრალდებულია, ქართულ მართლმსაჯულებას გაქცეულია. ის ბრალდებულია დემონსტრანტების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენებაში, რაზეც წლების განმავლობაში თვითონვე ამბობდა, რომ ყველაფერზე მე ვარ პასუხისმგებელიო. როდესაც პასუხისმგებლობამ მიაკითხა, სტრასბურგის გადაწყვეტილების შესაბამისად, ადგა და ერთ-ერთი ცხოველივით გაიქცა უცხოეთში, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ პლენარულ სხდომაზე.
არჩილ გორდულაძე ფრაქცია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე საუბრობს, თუმცა ამის დამადასტურებელ კონკრეტულ მაგალითებს ვერ ასახელებს.
მისივე თქმით, გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდი „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ნარატივებს იმეორებს და თავადაც ამ პოლიტიკური ძალის ნაწილად იქცა.
„თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის არ მინიჭებას ეთანხმებოდით, იმეორებთ „ნაცურ“ ნარატივს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლაა, იმეორებთ „ნაცურ“ ნარატივს გაბრაზებულ ხალხთან დაკავშირებით, ემხრობით თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმას, არ ემიჯნებით და არ გმობთ ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობის მცდელობებს, 4 ოქტომბერთან დაკავშირებით მოღალატეობრივ წერილებს აგზავნით უცხოეთში ქვეყნისა და საზოგადოების დასაზიანებლად, სრულ თანხვედრაში ხართ კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
მისი განცხადებით, ოპოზიციას საზოგადოების სახელით საუბრის უფლება არ აქვს.
„თითოეული თქვენი გადადგმული ნაბიჯი ადასტურებს, რომ არაკომპეტენტურები ხართ. არაკომპეტენტურობა ამ ქვეყნის ღალატია. პათეტიკური განცხადებები არ გიშველით, იმიტომ რომ ერთი განულებული პარტიის წარმომადგენლები ხართ და კეთილი ინებეთ და თავი დაანებეთ საზოგადოების სახელით საუბარს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |