პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში გააკრიტიკა ევროკავშირის ახალი იდეა, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის მომავალ წევრებს ვეტოს უფლება შეეზღუდოთ.
როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, საქართველო არ აპირებს საბჭოთა კავშირზე უარეს პირობებზე სადმე შესვლას. მისივე თქმით, საქართველოს მეორეხარისხოვან წევრად ყოფნაზე განაცხადი არ გაუკეთებია.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ შესაძლოა ეს იყო გარკვეული ტაქტიკა ბრიუსელის მხრიდან.
„საქართველო ნამდვილად არ აპირებს საბჭოთა კავშირზე უარეს პირობებზე სადმე შესვლას. საბჭოთა კავშირში არ იყო საქართველო ამ პირობით, რომ მას ჰქონოდა რომელიმე სხვა რესპუბლიკაზე ნაკლები უფლება. ყველას ჰქონდა თანაბარი უფლებები, თუკი შეიძლება აქ უფლებებზე ვილაპარაკოთ. დღეს კი საუბრობენ იმაზე, რომ მიიღონ ქვეყანა თავის წევრად, ჯერ ყველა ფილტრი და ათასი წრე გაგატარონ, ყველა წევრმა სახელმწიფომ თანხმობა თქვას, რომ შენ იმსახურებ ყველანაირად იყო ამ კავშირის წევრი და ამ დამსახურებული წევრობის შემდეგ, გითხრან, შენ ხარ ახლა მეორეხარისხოვანი წევრი. ჩვენ ვართ უფროსები აქ, დიდი ძმები, შენ ხარ პატარა ძმა და ჩვენ რასაც გადავწყვეტთ, ისე უნდა იყოს.
გეუბნებიან, რომ შენი ხმა არ იქნება გათვალისწინებული საგარეო პოლიტიკაში. ანუ, ახალი წევრების გარეშე უნდა გადაწყვიტონ, ვისთან ომს დაიწყებენ, ვისთან სანქციას დააწესებენ. ასევე, უნდა გადაწყვიტონ ევროკავშირის ხელშეკრულებების საკითხი. ისე შეცვლიან ყველაფერს, რომ არაფერს გვკითხავენ. ბიუჯეტისა და ფინანსების საკითხი, უფლებების საკითხი, გამოიგონებენ, დაამატებენ ახალ უფლებებს ისე, რომ არც კი გვკითხავენ ჩვენ. ასეთ წევრობაზე ჩვენ, რა თქმა უნდა, განაცხადი არ გაგვიკეთებია და ეს არის პრობლემა.
ჩნდება კითხვა, ხომ არ არის ეს შემთხვევით ბრიუსელის ტაქტიკა გაფართოების პოლიტიკიდან გასვლაზე?! - ცდილობენ შემოიღონ რაღაც წესები. შუა თამაშში არათუ თამაშის წესებს ცვლიან, არამედ თამაშს ცვლიან, სხვა თამაშს გვათამაშებენ. ჩვენ ვიქნებით არა გუნდის თანაბარი წევრი, არამედ რაღაც 2-დონიანი გუნდი იქნება, სადაც იქნებიან უფროსი და უმცროსი წევრები. ისმის კითხვა, ხომ არ არის ეს გაფართოების პოლიტიკიდან გასვლის სტრატეგია, გამოგონება ახალი წესებისა, იმისთვის, რომ კანდიდატი ქვეყნებისთვის აღარ იყოს მომხიბვლელი ასეთ კავშირში წევრობა," - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |