არ ვიცი ეს ბალტიელები რატომ არიან გადაკიდებული ქართველ ხალხზე. არა თუ სარჩელები, ამ ხალხს ჭკუა არ მოეკითხება, ერთადერთი, რაც ჩვენ გვამშვიდებს - თანამდებობა არ აქვთ საიმისოდ, რომ რაკეტები დაგვიშინონ, თორემ ამაზეც არ იტყოდნენ უარს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში.
პაპუაშვილი გამოეხმაურა საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოთაშორისი სარჩელების შესვლის შესახებ მოწოდებებს.
"გამოსვლებს რომ დააკვირდეთ, ისეთი ხალხი ტრიალებს, ოდიოზური ხალხი - რასა იუკნევიჩიანე, რომელიც ევროპარლამენტშია და აქეთ კროსი, ზინგერისი. არ ვიცი ეს ბალტიელები რატომ არიან გადაკიდებული ქართველ ხალხზე. არა თუ სარჩელები, ამ ხალხს ჭკუა არ მოეკითხებათ, ერთადერთი, რაც ჩვენ გვამშვიდებს - თანამდებობა არ აქვთ საიმისოდ, რომ რაკეტები დაგვიშინონ, თორემ ამაზეც არ იტყოდნენ უარს. ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ყველანაირად დააზიანონ საქართველო, ქართველი ხალხი, არ იშურებენ არანაირ შესაძლებლობას, რომ ქართველი ხალხის დაზიანებაზე ისაუბრონ. ასე რომ, მათ მოწოდებებში არაფერი გასაკვირი არ არის.
ერთადერთი ჩვენ რაც გვამშვიდებს არის ის, რომ ყველა და მათ შორის, ჩვენი უცხოელი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ ყურადღებას ნუ მიაქცევთ ევროპარლამენტს, ყურადღებას ნუ მიაქცევთ PACE-ს. არ მინდა რამე გამონათქვამი გამოვიყენო ამასთან დაკავშირებით, მაგრამ თავისუფალი ზონა აქვთ და ამ თავისუფლებაში დგანან და საკუთარ ეგოებს იფხანენ, არა მხოლოდ ქართველი, სხვადასხვა ხალხის ხარჯზე. დიდი ეგოს მქონე და პატარა შესაძლებლობების მქონე ინდივიდები, რომლებიც შეიკრიბნენ ასეთ ასამბლეაში და იყენებენ როგორც პლატფორმას იმისთვის, რომ მოიფხანონ საკუთარი ეგო, თავს დაესხნენ ქვეყნებს, ამაში აიღონ ფული და ჩვენ ვხედავთ, რომ სკანდალი სკანდალზეა ევროპარლამენტში და ხან სად, სადაც პირდაპირ დასტურდება, რომ ფულს იღებენ სხვადასხვა თემების ლობირებისთვის. ერთადერთი, რაც ჩვენ გვამშვიდებს არის ის, რომ მათ სიტყვას ფასი არ აქვს არავისთვის. ჩვენთვის რომ არ აქვს ფასი, ეს უკვე დიდი ხანია ვნახეთ, ფასი არ აქვს მათი ქვეყნებისთვის, ფასი არ აქვს ევროკომისიისთვის და აღმასრულებელი სტრუქტურებისთვის", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |