პარლამენტს შეეძლო, მთლიანად ტელევიზიისთვისაც შეეზღუდა აკრედიტაცია, მაგრამ ევროპარლამენტისგან განსხვავებით საქართველოს პარლამენტი უფრო დემოკრატიული და ლმობიერია, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
მან კომენტარი გააკეთა „ფორმულას“ ჟურნალისტისთვის პარლამენტში აკრედიტაციის ჩამორთმევის ფაქტზე.
„აკრედიტაციის შეჩერების ამ კონკრეტულ შემთხვევას არანაირი კავშირი არ აქვს წესების ცვლილებასთან. აქამდე მოქმედი, ძველი წესები რაც იყო - 3 წელია, ეს წესები მოქმედებს, ზუსტად იმ წესების მიხედვითაა. მარტივი საკითხია, საქართველოს პარლამენტში ჟურნალისტური საქმიანობის მსურველმა უნდა დაიცვას ის წესები, რომელიც დადგენილი აქვს საქართველოს პარლამენტს. მედია იმყოფება საქართველოს პარლამენტში, ადმინისტრაციულ შენობაში, რომელსაც აქვს თავისი წესები. ვინც არის მზად, რომ ამ წესებით იმუშაოს, მას აქვს შესაძლებლობა, იმუშაოს. ვინც არ არის მზად, იმუშაოს ამ წესებით და საკუთარი წესებით მუშაობს, მას არ მიეცემა ამის შესაძლებლობა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, მანამდე სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა დააფიქსირა აგდებული დამოკიდებულება პარლამენტის წევრების მიმართ, რაც ადასტურებს, რომ არნიშნული შემთხვევითი მოვლენა არ იყო, არამედ განზრახული, დაგეგმილი პროცესი. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში პარლამენტში ჟურნალისტების მიერ 30 ათასამდე შესვლა ფიქსირდება, თუმცა მათგან მხოლოდ რამდენიმე ათეული შემთხვევაა მათი არ დაშვების.
„ხედავთ, ევროპარლამენტთან შედარებით, გვაქვს ლოიალური პოლიტიკა. ევროპარლამენტში მსგავსი ქმედების გამო, მთლიანად ტელევიზიას აუკრძალეს ერთი წლის განმავლობაში მუშაობა. პარლამენტს შეეძლო, მთლიანად ტელევიზიისთვისაც შეეზღუდა აკრედიტაცია, მაგრამ ევროპარლამენტისგან განსხვავებით საქართველოს პარლამენტი უფრო დემოკრატიული და ლმობიერია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |