მაკა ბოჭორიშვილი: დღეს საქართველო სწორედ ის ქვეყანაა, რომელიც თავის ისტორიით, გამოწვევებით, შესაძლებლობებით და პოლიტიკით ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
61 27 ივნისი 2026, 20:40

დღეს საქართველო სწორედ ის ქვეყანაა, რომელიც თავის ისტორიით, გამოწვევებით, შესაძლებლობებით და პოლიტიკით ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია პრაქტიკაში ვისაუბროთ მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობაზე, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე გამოსვლისას.

„ძვირფასო კოლეგებო, ჩემთვის დიდი პატივია, მოგმართოთ დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში. ეს უმშვენიერესი ქალაქი, თავისი ისტორიით, ღიაობითა და მედეგობით, მართლაც საუკეთესო ადგილია, რომ ვისაუბროთ თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკის თავისებურებებზე და მულტივექტორული დიპლომატიის როლზე დღევანდელ გეოპოლიტიკურ რეალობაში.

ჩვენ ხშირად, თითქოს მაყურებლის როლიდან ვსაუბრობთ ცვალებად მსოფლიოზე, გლობალურ გარდაქმნებზე და ახალ ძალთა ბალანსის ფორმირებაზე. სინამდვილეში, არცერთი ჩვენგანი არ არის ამ პროცესების გარე დამკვირვებელი. ჩვენ თავად ვართ ამ ცვლილებების მონაწილეები. ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც განსაზღვრავს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნების მომავალს, არამედ იმ საერთაშორისო წესრიგსაც, რომელიც ახლა ჩვენ თვალწინ ყალიბდება.

სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, საქართველო დღეს ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, თუ რას ნიშნავს პრაქტიკაში მულტივექტორული დიპლომატია. ჩვენი ისტორია, ჩვენი გეოგრაფია, ჩვენი უსაფრთხოების გარემო და ჩვენი ეკონომიკური ინტერესები გვაიძულებს, ყოველდღიურად ვიპოვოთ სწორი ბალანსი პრინციპებსა და პრაგმატიზმს შორის, ღიაობასა და უსაფრთხოებას შორის, ეროვნულ ინტერესებსა და საერთაშორისო თანამშრომლობას შორის.

საქართველო მართლაც გზაჯვარედინზე მდებარეობს. ჩვენს ირგვლივ იკვეთება სხვადასხვა ძალა, განსხვავებული ხედვები, ინტერესები და სტრატეგიული ამბიციები. ამ რეალობაში ცხოვრება ჩვენგან განსაკუთრებულ სიფრთხილეს, სიზუსტესა და პასუხისმგებლობას მოითხოვს. გეოგრაფია ის მოცემულობაა, რომელმაც ისტორიის მანძილზე ბევრი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა, თუმცა ისიც გვასწავლა, როგორ უნდა ვიმოქმედოთ, რომ გამოწვევებმა შესაძლებლობები არ დაგვაკარგინოს.

დღეს, როდესაც ძალაუფლების ცენტრები მრავლდება და ეკონომიკური კონკურენცია სულ უფრო მეტად განსაზღვრავს საერთაშორისო პოლიტიკას, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ქვეყნებს, რომლებიც არა დაყოფის, არამედ დაკავშირების ფუნქციას ასრულებენ. საქართველოს სწორედ ასეთი როლი აქვს. დღეს, როდესაც მსოფლიო ახალ ეკონომიკურ მარშრუტებს ეძებს, ხოლო მიწოდების ჯაჭვების მდგრადობა გლობალური უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ ელემენტად იქცა, ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა ახალ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ვერც ერთი ეკონომიკური პროექტი ვერ იქნება წარმატებული, თუ მის საფუძველში მშვიდობა და უსაფრთხოება არ დგას.

„შუა დერეფანი აღარ არის მხოლოდ სატრანსპორტო მარშრუტი. ის არის ახალი გეოეკონომიკური სივრცე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ევროპას, სამხრეთ კავკასიას, ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთს. ეს არის სივრცე, სადაც ერთმანეთს ხვდება ვაჭრობა, ენერგეტიკა, ციფრული კავშირები, ინოვაცია, საერთო იდეები და ინტერესები. საქართველოს მიზანია, იყოს ამ პროცესის არა მხოლოდ გეოგრაფიული ნაწილი, არამედ მისი სანდო, პროგნოზირებადი და პასუხისმგებლიანი პარტნიორი. ნუ დაგვავიწყდება, რომ ვერც ერთი ეკონომიკური პროექტი ვერ იქნება წარმატებული, თუ მის საფუძველში მშვიდობა და უსაფრთხოება არ დგას

ქვეყანა, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მშვიდობაზე სხვებზე მეტს საუბრობს არა იმიტომ, რომ სუსტია, არამედ იმიტომ, რომ ყველაზე კარგად იცის მშვიდობის ფასი. სწორედ ამიტომ, საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაა. სწორედ მშვიდობის უზრუნველყოფამ, მაკროეკონომიკურმა სტაბილურობამ და თანმიმდევრულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ მისცა საქართველოს შესაძლებლობა, ბოლო წლებში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად ჩამოყალიბებულიყო ევროპისა და ფართო რეგიონის მასშტაბით, საშუალოდ, დაახლოებით 9%-იანი ეკონომიკური ზრდით.

მაღალი ეკონომიკური ზრდა, რეკორდული ტურიზმი, მზარდი ექსპორტი, გაზრდილი უცხოური ინვესტიციები და ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემო ადასტურებს, რომ სტაბილურობა ეკონომიკურ წარმატებად გარდაიქმნება. ჩვენ ვაშენებთ თანამედროვე ინფრასტრუქტურას, ვავითარებთ პორტებს, სარკინიგზო და საგზაო კავშირებს, ენერგეტიკულ და ციფრულ პროექტებს, რომლებიც მთლიან რეგიონს უფრო კონკურენტუნარიანს ხდის“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, ევროპა საქართველოსთვის ღირებულებების სივრცეა და სწორედ ამიტომ ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს მტკიცე, სტრატეგიული არჩევანია.

ამასთან, როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ბრიუსელის მცდელობა, იზოლაციის პოლიტიკით უპასუხოს საქართველოს, არა მხოლოდ უსამართლოა, არამედ სტრატეგიული შეცდომაა.

„ამავე დროს, ჩვენი საგარეო პოლიტიკა ეფუძნება მარტივ, მაგრამ მნიშვნელოვან პრინციპს. მრავალვექტორული დიპლომატია ჩვენთვის არ ნიშნავს არჩევანს პარტნიორებს შორის. ის ნიშნავს მეტი პარტნიორის შეძენას. ჩვენ აქტიურად ვაღრმავებთ თანამშრომლობას ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ვაძლიერებთ ურთიერთობებს შავი ზღვის რეგიონში, ვავითარებთ კავშირებს ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ეკონომიკებთან. საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები აქვს მსოფლიოს უმსხვილეს ბაზრებთან, რაც ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, ჩვენი ქვეყანა იქცეს ეკონომიკურ, საინვესტიციო და ლოგისტიკურ პლატფორმად, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს განსხვავებულ რეგიონებსა და ეკონომიკებს. საქართველოს მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა არასოდეს ნიშნავდა და ნიშნავს ჩვენი სტრატეგიული არჩევანის ბუნდოვანებას.

ევროპა ჩვენთვის მხოლოდ პოლიტიკური ან ეკონომიკური გაერთიანება არ არის. ეს არის ღირებულებების სივრცე და სწორედ ამიტომ ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს მტკიცე, სტრატეგიული არჩევანია. ამავე დროს, მიგვაჩნია, რომ ევროპა სწორედ ღია პარტნიორობებითურთიერთდაკავშირებულობითა და სანდო პარტნიორების ფართო ქსელით ძლიერდება. საქართველო მზად არის, ამ პროცესში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

ბრიუსელის მცდელობა, იზოლაციის პოლიტიკით უპასუხოს საქართველოს, ქვეყანას, რომელიც ევროპის დაკავშირებადობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და წლების განმავლობაში სანდო პარტნიორია – არა მხოლოდ უსამართლოა, არამედ სტრატეგიული შეცდომაა.

ისტორიის მანძილზე დიდი ცვლილებები ცდიდა ერების სიბრძნეს, სიმამაცესა და ხედვას. სამყარო წინ მიიწევს არა მაშინ, როდესაც გამოწვევები ქრება, არამედ მაშინ, როდესაც საზოგადოებები ერთად პოულობენ მათი გადალახვის გზებს. ასეთ დროს დიალოგი აუცილებლობაა და არა არჩევანი. თანამშრომლობა კი არის საფუძველი, რომელზეც მდგრადი მშვიდობა, სტაბილურობა და პროგრესი შენდება. ჩვენ გვჯერა, რომ თანამედროვე მსოფლიოში წარმატებას მიაღწევს ის, ვისაც შეუძლია, იყოს ღია, კონკურენტუნარიანი და სანდო“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი: ბრიუსელის მცდელობა, იზოლაციის პოლიტიკით უპასუხოს საქართველოს, ქვეყანას, რომელიც ევროპის დაკავშირებადობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
ლევან მაჭავარიანი: ჯარისკაცის ხელფასზე ვერასდროს ვიტყვი საკმარისია, ვინაიდან ისინი თავს სწირავენ თავიანთი სამშობლოსთვის. ისევე, როგორც მასწავლებლის ხელფასი, პოლიციელის, ექიმის ხელფასი
არჩილ გორდულაძე ევრობიუროკრატებზე: თურმე ათჯერ საქართველოს მოსახლეობას შეგნებული, სწორი გადაწყვეტილება არ მიუღია არჩევნებში, როდესაც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ამარცხებდა და თურმე ევრობიუროკრატიის მოქმედ შემადგენლობას სწორად წარმოუდგენია, რა არის საქართველოს მომავალი
არჩილ გორდულაძე: ევროპარლამენტში არიან ევროპარლამენტარები, რომლებისთვისაც წაუკითხავი რეზოლუციების მხარდაჭერა მისაღებია, რადგან მათ უკან მდგომ ძალებს ასე ხელეწიფებათ
მაკა ბოჭორიშვილი: შუა დერეფანი აღარ არის მხოლოდ სატრანსპორტო მარშრუტი. ის არის ახალი გეოეკონომიკური სივრცე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ევროპას, სამხრეთ კავკასიას, ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთს
არქივი