მოქალაქე ქირაობს პოლიტიკურ გუნდს, რათა მისი ინტერესი წარმოადგინოს, სამწუხაროდ, საქართველოში არიან ძალები, ვინც სხვის მიერ არის ნაქირავები, შესაბამისად, შეუძლებელია, ის მოქალაქემ იქირაოს, - განაცხადა „ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, ცოტნე ივანიშვილმა, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის დასკვნითი შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ცოტნე ივანიშვილს კითხვა დაუსვეს, რამდენად სწორია პოლიტიკური ოპონენტების მისამართით ისეთი ტერმინებისა იარლიყების გამოყენება, როგორიცაა აგენტი.
„საინტერესო თემაა. პირადად მე არ გამოვიყენებ სიტყვა აგენტს. პოლიტიკოსები მართლაც იყენებენ ამ ტერმინს. მე არ ვაპირებ ამ ტერმინის გამოყენებას. თვითონ საკითხი რომ ოდნავ ჩავშალოთ, ზოგადად რეპრეზენტაციული დემოკრატიის არსი, დედააზრი არის ის, რომ როდესაც მოქალაქე მიდის და აძლევს ხმას გარკვეულ პოლიტიკურ გუნდს, ის მასთან დებს, ასე ვთქვათ, ხელშეკრულებას, უცხადებს ნდობას იმისთვის, რომ მან მისი ინტერესები წარმოადგინოს. ცოტა სხვანაირი ფორმულირებაც რომ მივცეთ, რაღაც მომენტში შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მოსახლეობა, მოქალაქე ქირაობს გარკვეულ პოლიტიკურ გუნდს, რათა მან მისი ინტერესი წარმოადგინოს, მოემსახუროს მას. რა თქმა უნდა, ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც უნდა მართავდეს ქვეყანას, აუცილებლად უნდა ემსახურებოდეს, პირველ რიგში, მის მოსახლეობას. ქირაობის ტერმინს რომ დავუბრუნდეთ, თუ ვიძახით, რომ მოსახლეობა არის ის, ვინც ქირაობს პოლიტიკურ ძალას იმისთვის, რომ მას მოემსახუროს, სამწუხაროდ, დღევანდელ რეალობაში საქართველოში და სხვა ქვეყნებშიც არიან პოლიტიკური ძალები, კონკრეტიკაში შესვლას არ ვაპირებ, ვინც სხვის მიერ არის ნაქირავები. შესაბამისად, შეუძლებელია, რომ ის პოლიტიკური ძალა იქირაოს ქვეყნის მოქალაქემ, რადგან ის პოლიტიკური ძალა უკვე სხვას ემსახურება. შეიძლება, ამ ტერმინის გამოყენება ამ იდეას მივაბათ, რომ შეუძლებელია საზოგადოებამ იქირაოს ის, ვინც უკვე ნაქირავებია“, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |