პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა, მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია შუა აზიის ქვეყნებთან, მათ შორის ყაზახეთთან, თანამშრომლობის გაღრმავება.
მისი თქმით, სტრატეგიული შეთანხმებები ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას, სუვერენიტეტის გაძლიერებასა და პოლიტიკური მდგრადობის განმტკიცებას.
„დღეს სტრატეგიული ხელშეკრულება გაფორმდა შუა აზიაში ერთ-ერთ წამყვან ქვეყანასთან ყაზახეთთან. ჩვენ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანა ვართ შუა დერეფანში და, ზოგადად, მნიშვნელოვანია, რომ ბევრ სახელმწიფოსთან გვქონდეს ურთიერთობები. იქნება ეს შუა აზიის ქვეყნები, ევროპის ქვეყნები თუ ჩინეთი - ჩვენი ეკონომიკური ზრდისთვის სტრატეგიული ხელშეკრულებები უნდა გავაფორმოთ.
რატომ? იმიტომ, რომ ასე უკეთ დავიცავთ სუვერენიტეტს. სწორედ ამიტომ დაიწყო ანტიპიარი სტრატეგიული ხელშეკრულებების წინააღმდეგ - იციან, რომ რაც უფრო მეტ ქვეყანასთან გაქვს სტრატეგიული შეთანხმება, ეს ავტომატურად პოლიტიკური გავლენის ზრდასაც ნიშნავს. ქვეყნები, რომლებსაც საქართველოსთან სტრატეგიული ხელშეკრულებები აქვთ და ეკონომიკურ ჯაჭვში მონაწილეობენ, პირდაპირ არიან დაინტერესებული, საქართველოში მშვიდობა იყოს და საქართველოზე სხვა სახელმწიფოების გავლენა შემცირდეს.
ეკონომიკა პირდაპირ კავშირშია პოლიტიკასთან, ამიტომაც გამოდიან ხოლმე წყობიდან, როდესაც მნიშვნელოვან ქვეყანასთან სტრატეგიულ ხელშეკრულებას ვაფორმებთ. ამის მაგალითია ჩინეთთან გაფორმებული სტრატეგიული შეთანხმება. ამის შემდეგ ევროპული ქვეყნების ლიდერებიც შეხვდნენ სი ძინპინს, შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტიც ჩავიდა და ასე შემდეგ. იგივე ეხება შუა აზიის ქვეყნებს.
თქვენ გგონიათ, ევროპის ქვეყნებს შუა აზიის სახელმწიფოებთან ხელშეკრულებები არ აქვთ? აქვთ როგორც სტრატეგიული თანამშრომლობა, ისე სავაჭრო ბრუნვა, თუმცა ამაზე არავინ საუბრობს, რადგან რამდენადაც საქართველო სწორ პოლიტიკას ატარებს, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით, იმდენად ძლიერდება და უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს, გაუძლოს უცხოეთიდან მომდინარე პოლიტიკურ ზეწოლას“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |