რუსეთმა ინდოეთიდან საზღვაო გზით ბენზინის იმპორტი დაიწყო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, გადაწყვეტილება საწვავის დეფიციტის შემცირებას ისახავს მიზნად, რომელიც უკრაინის მიერ რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულმა თავდასხმებმა გამოიწვია.
ორ წყაროზე დაყრდნობით გავრცელებული ცნობით, საწვავის დეფიციტი რუსეთის მთელ ტერიტორიაზე იგრძნობა. რიგ რეგიონებში მოქმედებს საწვავის გაცემის შეზღუდვები, ავტოგასამართ სადგურებთან გრძელი რიგებია, ხოლო ბენზინის ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.
კრემლში გუშინ განაცხადეს, რომ რუსეთი სხვა ქვეყნებთან საწვავის იმპორტის საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს და მისაღებ ფასებზე მსჯელობს.
რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროსა და ინდოეთის ნავთობის სამინისტროში გავრცელებულ ცნობებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ინდოეთიდან რუსეთში უკვე გაიგზავნა სულ მცირე 60 000 ტონა ბენზინი. მეორე წყაროს ცნობით, რუსეთისკენ ორი ტანკერი მიემართება, რომელთაგან თითოეულს 30-40 ათასი ტონა საწვავი გადააქვს.
კიდევ ერთი წყაროს ინფორმაციით, რუსეთი ყოველთვიურად სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის მეზობელი ბელარუსიდან დაახლოებით 400 000 ტონა ბენზინის იმპორტს გეგმავს. ბელარუსი რუსეთს საწვავს უკვე აწვდის.
Reuters-ის ცნობით, ზაფხულის პერიოდში, როდესაც საწვავზე მოთხოვნა იზრდება, რუსეთში ბენზინის ყოველდღიური მოხმარება 110 000 ტონას აღემატება.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |