გაზრდილია მოთხოვნა იმ ფაკულტეტებზე, რომლებიც დეფიციტურ მიმართულებებად ითვლებოდა, - განაცხადა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა".
მისი თქმით, უნივერსიტეტებში კვოტების რაოდენობა შრომის ბაზრის კვლევის მიხედვით განისაზღვრა.
„ჩვენ პირველად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციირებითა და ხელმძღვანელობით, ჩვენი სამინისტროს ჩართულობითა და ბიზნეს სექტორის მონაწილეობით ჩავატარეთ შრომის ბაზრის კვლევა და განვსაზღვრეთ რამდენიმეწლიან პერსპექტივაში შრომის ბაზარზე რა კვალიფიკაციისა და პროფესიის მოთხოვნები არის. ამ მონაცემების საფუძველზე განვსაზღვრეთ კონკრეტული კვოტები სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში“, - აღნიშნა მინისტრმა.
გივი მიქანაძის განმარტებით, იმ ფაკულტეტებზე, რომელზეც იყო ბაზრის მოთხოვნასთან შედარებით ბევრად დიდი მიმართვიანობა, გაკეთდა შუალედური მიდგომა გადანაწილებისას და არ კვოტები მკვეთრად არ შემცირდა.
„რეალურად, როდესაც სტატისტიკის მონაცემები ვნახეთ, აღმოჩნდა, რომ მზარდია მოთხოვნა, ინტერესი დეფიციტური მიმართულების მიმართ, საინჟინრო-ტექნიკური მიმართულებებით. რაც მიუთითებს, რომ გარკვეულმა კამპანიამ, რომელიც როგორც სამინისტრომ, ასევე სახელმწიფო უნივერსიტეტებმა ჩაატარეს, თავისი შედეგი გამოიღო", - განაცხადა მიქანაძემ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |