889
10 დეკემბერი 2019, 11:02
ოკუპირებული სოხუმის დე ფაქტო შსს-მ ძებნა გამოაცხადა 1979 წელს დაბადებულ, სოხუმში მცხოვრებ, ტყვარჩელელ ერიკ ჭკადუაზე, რომელიც ეჭვმიტანილია, 22 ნოემბერს, სოხუმის ცენტრში, რესტორან "სან რემოსთან" მომხდარ თავდასხმაში, რა დროსაც გარდაიცვალა ორი "კანონიერი ქურდი" ასტამურ შამბა და ალხას ავიძბა, ასევე, მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გარდაიცვალა რესტორნის ოფიციანტი დომენიკა აკირტავა.
დე ფაქტო შსს-ს განცხადებით, თავდასხმაში სავარაუდოდ, ოთხი პირი მონაწილეობდა, რომლებიც შეიარაღებული იყვნენ ცეცხლსასროლი იარაღებით და სახე დაფარული ჰქონდათ ნიღბებით.
ოკუპირებული სოხუმის დე ფაქტო პრეზიდენტს "კანონიერი ქურდების" მკვლელობის გამოძიება კონტროლზე ჰყავს აყვანილი. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურამ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრა. 2 დეკემბერს, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ თანამდებობიდან გაათავისუფლა ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი გარი არშბა, ხოლო დე ფაქტო პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა ე.წ. გენერალურ პროკურორ ზურაბ აჩბას.

ერიკ ჭკადუა, ერთხელ უკვე იყო პასუხისგებაში მიცემული, როცა გაიტაცა გალში მცხოვრები ომარ მერცხულავა და მისი ოჯახისგან გამოსასყიდს ითხოვდა. მანამდე, მან და მისი ჯგუფის წევრებმა მერცხულავას 12 ლნ რუბლი წაართვეს. ოკუპირებული სოხუმის დე ფაქტო შსს-მ გატაცებულ მირცხულავას ჭკადუას ავტოფარეხში მიაგნო, საიდანაც ასევე, ამოიღეს ნიღბები, კამუფლიაჟები, ხელთათმანები, მანქანის ნომრები, ცეცხლსასროლი იარაღები და ასაფეთქებელი მასალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერიკ ჭკადუა ოკუპირებულ სოხუმში მოქმედი იმ დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრია, რომელიც ადამიანთა გატაცებაზე მუშაობს. არსებული ინფორმაციით, სოხუმში ადამიანთა გატაცება და ფულის გამოძალვა ბიზნესის ერთგვარ სახედ იქცა და ამ მიმართულებით არა ერთი კრიმინალური დაჯგუფება მუშაობს.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |
კლანების ომი სოხუმში - ვინ და რატომ იბრძვის აფხაზეთში გავლენის მოსაპოვებლად