1618
27 იანვარი 2020, 20:01
ბადრი პატარკაციშვილის საქმის წინასასამართლო სხდომაზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა, კუდ-ის ყოფილი თანამშრომლები - ილია გამგებელი და დავით ქოქიაშვილი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. მან არ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა მათთვის აღკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ მათ საქმეში არსებული პროკურატურის მტკიცებულებები სადავოდ არ გახადეს, აღიარეს დანაშაული და ორგანიზატორებიც - კუდ-ის მე-2 სამმართველოს ყოფილი უფროსი გიორგი დგებუაძე "მასტერა" და მისი ყოფილი მოადგილე ლევან ქარდავა დაასახელეს.
„დღევანდელ სასამართლო პროცესზე ორი ბრალდებულის მხრიდან აღიარებითი ჩვენებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 2006-2007 წლებში, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირები - ლევან ქარდავა და გიორგი დგებუაძე ახორციელებდნენ უკანონო მოქმედებებს ბადრი პატარკაციშვილის პოლიტიკური სივრციდან ჩამოშორების განზრახვით. ამ უკანონო მოქმედებებში დახმარებაზე უარი განაცხადა ურეკის იმჟამინდელმა უფროსმა ჯემალ შამათავამ, რომელიც სამაგალითოდ დასაჯეს. მოგეხსენებათ, ეს პირი უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ადვოკატების მხრიდან დაყენებული შუამდგომლობა მოვისმინეთ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით. მათი მთავარი არგუმენტაცია ის გახლდათ, რომ ეს პირები დანაშაულს აღიარებენ და შესაბამისად, საქმეზე მოპოვებულ ყველა მტკიცებულებას უდავოდ ხდიან. თუმცა, ბრალდების მხარე მოცემულ გარემოებას არ დავეთანხმეთ.
საქმეზე წარმოდგენილია მესამე ბრალდებული ლევან ქარდავა, რომელიც დანაშაულს არ აღიარებს. ეს პირი გახლდათ მთავარი ორგანიზატორი 2006-2007 წლებში ბადრი პატარკაციშვილის მიმართ წარმოებულ უკანონო მოქმედებებისა. ამ პირის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში კიდევ ერთი საქმე განიხილება, რაც უკვე უშუალოდ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებას ეხება.

ორმა ბრალდებულმა ხელი უშუალოდ დაადო დავალების გამცემ პირს, ასევე შემსრულებლად თავიანთი თავიც მოიაზრეს და ორგანიზატორად დაასახელეს ლევან ქარდავა და გიორგი დგებუაძე. მათ ჩვენებებით დეტალურად აღწერეს ის უკანონო მოქმედებები და მოტივი, თუ რატომ უნდა ემუშავა პატარკაციშვილის წინააღმდეგ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს. შესაბამისად, ეს მნიშვნელოვანი გარემოება, ისევე, როგორც ამ კონკრეტული ბრალდების საქმეზე - რაც ჯემალ შამათავას უკანონო პატიმრობას უკავშირდება, ასევე, საკმაოდ მნიშვნელოვანი გარემოებაა იმ ძირ საქმეზე, რაც ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეს ეხება“, - განაცხადა საქმის პროკურორმა დავით გუმბერიძემ.
ილია გამგებელს, დავით ქოქიაშვილ, ლევან ქარდავასა და გიორგი დგებუაძეს - "მასტერას" ბრალად ედებათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და ურეკის პოლიციის ყოფილი უფროსის განზრახ უკანონო დაკავება.
კუდ-ის სპეცოპერაცია პოლიტიკური მოწინააღმდეგის დასაშინებლად
გამოძიების მასალებით, 2006 წლის ივნისი-ივლისში შსს-ს კუდ-ში გადაწყვეტეს, რომ ბადრი პატარკაციშვილის პოლიტიკურ აქტივობის გამო, რაც მიუღებელი იყო სააკაშვილის ხელისუფლებისთვის და მათთვის მაღალი რისკის საფრთხედ მიიჩნეოდა, ბიზნესმენზე გააქტიურებულიყო მეთვალყურეობა, გაძლიერებულიყო კონტროლი მის საცხოვრებელ სახლებზე, დაცვასა და მასთან დაახლოებულ პირებზე.
2006 წლის ივლისი-აგვისტოში შსს-ს კუდ-ის თანამშრომლებმა დაგეგმეს ურეკში მდებარე ბადრი პატარკაციშვილის საცხოვრებელ სახლზე შეიარაღებული თავდასხმა - სახლის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლები. თავდასხმის ოპერაცია გამაფრთხილებელ აქცია იყო და მიზნად ისახავდა პატარკაციშვილის პოლიტიკური აქტივობის შეწყვეტის იძულებას.
ღონისძიების ჩატარებამდე, კუდ-ის თანამშრომლებმა ურეკის პოლიციის იმჟამინდელ უფროსს ჯემალ შამათავას დაავალეს, მორიგე პოლიციის თანამშრომლების ჯგუფები მოეხსნა ბადრი პატარკაციშვილის სახლიდან. ჯემალ შამათავამ მოსალოდნელი ღონისძიების შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა პატარკაციშვილის კომენდანტს, რაც ცნობილი გახდა კუდ-ის მაღალჩინოსნებისთვის. თუმცა, მთავარი ამბავი ის იყო, რომ პატარკაციშვილის სახლზე შეიარაღებული თავდასხმის ოპერაცია ამ "მესიჯის" გამო ჩაიშალა.
სამაგალითო დასჯა - 9-წლიანი პატიმრობა ჩაუდენელი დანაშაულისთვის
გამოძიების მასალებით, დაუმორჩილებლობისთვის ჯემალ შამათავა სამაგალითოდ და სასტიკად დასაჯეს. კუდ-ის მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის "მასტერას" ორგანიზებით შემუშავდა ურეკის პოლიციის უფროსის უკანონოდ დაკავების გეგმა, რომლის განხორციელებაშიც აქტიურად მონაწილეობდნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები - ილია გამგებელი, დავით ქოქიაშვილი, ლევან ქარდავა.
გამოძიების მტკიცებით, დაბა ურეკში "მასტერას" ნდობით აღჭურვილმა პირმა ბ.ფოლადაშვილმა თ.წერეთელის მობილური ტელეფონისა და ძვირფასეულობის ქურდობის ინსცენირება გაითამაშა, რის გამოც, ის ვითომ, დააკავეს და მიიყვანეს ურეკის პოლიციის შენობაში, სადაც მან თვითდაზიანება მიიყენა - სხეულზე სიგარეტი მიიწვა და განაცხადა ურეკის პოლიციის უფროსმა ჯემალ შამათავამ აღიარებითი ჩვენების სანაცვლოდ მაწამაო.
ჯემალ შამათავა მოგვიანებით, როცა ის დაპატიმრებული იყო და ბრალდებას არ აღიარებდა, სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა ვითომ დაზარალებულმა თ. წერეთელმა (არსებული ინფორმაციით, ფოლადაშვილიც და წერეთელიც პოლიციის სტაჟიანი "აგენტები" იყვნენ).
გამოძიების მასალებით, 2006 წლის 22 აგვისტოს, ჯემალ შამათავა ფოთის პოლიციაში მიიყვანეს, სადაც ასევე მივიდა ლევან ქარდავა ორ პირთან ერთად, ჯემალ შამათავა იძულებით წამოიყვანა და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში მიიყვანა, სადაც იმავე დღეს, "მასტერას" გეგმის მიხედვით "შეკერილი" საქმით - ხელოვნურად შექმნილი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე დაკავეს და ბრალი დასდეს სსსკ-ის 144 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ,,დ“ და სსკ-ის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ჯემალ შამათავა გაასამართლეს დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენია. "მასტერას" აწყობილ საქმეს წერტილი ოზურგეთის სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შავაძემ დაუსვა - შამათავას 9-წლიანი პატიმრობით დაასრულა.
უდანაშაულო დამნაშავე
ჯემალ შამათავა 2012 წლამდე იხდიდა სასჯელს და "ქართული ოცნების" მიერ გამოცემული ფართომასშტაბიანი ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლდა პატიმრობიდან და საქართველოც დატოვა.

„2006 წელს აჭარის კუდ-ის მაშინდელმა უფროსმა თემურ პატარიძემ დამირეკა და მითხრა, რომ ღონისძიებას ატარებდა ურეკში ბადრის სახლთან და სასწრაფოდ უნდა მომეშორებინა საგუშაგო, რომელიც განლაგებული იყო სახლთან. დავურეკე ჩემს მოადგილეს და მივეცი დავალება, რომ საგუშაგო მოეხსნათ, თან დავავალე, სიტუაცია გაეკონტროლებინათ, რა ხდებოდა. შინაგან ვგრძნობდი, რომ არაფერი კარგი არ იგეგმებოდა, არ ვიცოდი რა ხდებოდა, მაგრამ მიზანშეწონილად ჩავთვალე, მოკლე ტექსტური შეტყობინება გამეგზავნა მაშინდელი კომენდანტისთვის, მივწერე: „სტუმრები ჰყავს და ფრთხილად იყავით“, – ასე იხსენებს ჯემალ შამათავა მისთვის მძიმედ გასახსენებელ ისტორიას.
„ღონისძიების წინ ჩემი ტელეფონი ჩაურთავთ მოსმენაზე. ამის მერე იყო მუქარა, რომ ჩემი ამბავი დამთავრებული იყო. დაახლოებით ერთ კვირაში ჩამოიყვანეს აგენტები ურეკში და მოხდა ჩემი დაკავება. ჩემი დაკავების მიზეზი იყო ამ ღონისძიების ჩაშლა.
დამიკავშირდა ტელეფონზე ფოთის მაშინდელი პოლიციის სამმართველოს უფროსი ირაკლი ჯიქია, რომელმაც მითხრა, რომ თუ ფოთში ვიყავი, შემევლო მასთან. მაგ ადამიანთან კოლეგიალური და მეგობრული ურთიერთობა მქონდა. მან მითხრა ტელეფონში, თითქოს ჩემმა დეიდაშვილმა იჩხუბა, პრობლემები იყო და უნდა მივსულიყავი. მივედი პოლიციის შენობაში, სადაც არავინ იყო მის გარდა. ჩემი მასთან მისვლის შემდეგ ვიღაცამ დაურეკა ტელეფონზე და ამის მერე რამდენიმე წუთში შემოვიდა ლევან ქარდავა და კიდევ ორი პიროვნება. მითხრეს, რომ ასრულებდნენ მინისტრის ბრძანებას და უნდა გავყოლოდი. არც ჩხრეკა ჩაუტარებიათ, არც დაკავების ოქმი წარუდგენიათ, ხელი მომკიდეს და გამიყვანეს შენობიდან, მანქანაში ჩამსვეს, სადაც იმყოფებოდნენ პატარიძე, კონსტიტუციური უსაფრთხოების მაშინდელი მაღალჩინოსანი გიორგი დგებუაძე და „მაიმუნა“ (გიორგი ჩიქოვანი) და გადამიყვანეს ქუთაისის საოლქო პროკურატურაში.
მედავებოდნენ წამებას, თითქოს ეს ფოლადაშვილი ვაწამე და წამების შედეგად მივიღე აღიარებითი ჩვენება. საერთოდ, თითქმის ყველა საქმეში, სადაც მაღალჩინოსანი არის დაკავებული, ფოლადაშვილი ან დაზარალებულია, ან ქრთამის მიმცემი.
მესამე დღეს სასამართლომ შემიფარდა ორთვიანი პატიმრობა და გადამიყვანეს ქუთაისის იზოლატორში, სადაც გავატარე ჯოჯოხეთური ერთი თვე. საღამოს ავყავდი გამომძიებლებს და მაშანტაჟებდნენ - თუ არ ვაღიარებდი დანაშაულს, გამიმზადებდნენ მეორე საქმეს, რომელიც იქნებოდა შოკისმომგვრელი და შემექმნებოდა პრობლემები, როგორც ციხეში, პატიმრებთან, ასევე ოჯახში.
17 სექტემბერს ისევ მოვიდნენ და მითხრეს, შენ თავს დააბრალეო და გამაცნეს ახალი საქმე წერეთლის გაუპატიურებასთან დაკავშირებით და მეორე დღესვე გადამიყვანეს ბათუმის საპყრობილეში, სადაც დირექტორი იყო მაშინდელი დასავლეთ საქართველოს კუდ-ის უფროსის ძმა. გამომძიებლებმა გამაფრთხილეს, თუ სადმე ვახსენებდი ბადრი პატარკაციშვილის სახელს, სასტიკად დავისჯებოდი და დაისჯებოდნენ ჩემი ოჯახის წევრები.
სასამართლო ტარდებოდა ოზურგეთში, ფარეხში, სადაც იყო აუტანელი პირობები. მოსამართლე მარიონეტი ირაკლი შავაძე თვალებში შესციცინებდა პროკურორ ფეტვიაშვილს, რომელიც შეკერილი საქმეების "გაპრავების" დიდოსტატი იყო“, – განაცხადა ჯემალ შამათავამ, რომელსაც არ ჰქონდა იმედი, რომ მის საქმეს გამოიძიებდნენ და დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცემოდნენ.
"ჩემი ცხოვრების დამანგრევლები ისევ მაღალჩინოსნები გახდნენ - ზოგი ოლქის პროკურატურას ხელმძღვანელობდა, ზოგიც - პოლიციაშია და ისე იქცევიან, თითქოს მართალი იყვნენ ღმერთისა და ხალხის წინაშე. მინდა მათ ვუთხრა: თქვენ მე წამართვით ცხოვრება, წამართვით ოჯახი, თქვენ წამართვით ღმერთის მიერ ბოძებული თავისუფლება! უნდა სცხვენოდეთ ოზურგეთის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, რომლებიც ჩემი - უდანაშაულო ადამიანის გაწირვაში იყვნენ ჩართული..." - განაცხადა ჯემალ შამათავამ, რომლის საქმის განხილვაც ამჟამად, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს და ოთხი ბრალდებულია დაკავებულია, თუმცა, როგორც პროკურატურა აცხადებს, გრძელდება გამოძიება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების მხილებისთვის.
ბრალდებული "ბრალმდებლები"
ჯემალ შამათავას საქმის ორგანიზება-შესრულებისთვის ილია გამგებელს, დავით ქოქიაშვილს, ლევან ქარდავასა და გიორგი დგებუაძეს პროკურატურამ ბრალი დასდო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა (სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი) და განზრახ უკანონო დაკავება ან დაპატიმრებაში (სსკ-ის 147-ე მუხლის მესამე ნაწილი), რაც ცხრიდან თორმეტ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ჯემალ შამათავას საქმე ბადრი პატარკაციშვილის საქმის დასაწყისია. 2018 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით, ფარული ჩანაწერები გაავრცელა. ჩანაწერების მიხედვით, კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას გეგმავდნენ და ცდილობდნენ ბიზნესმენის დაცვის წევრის გადაბირებას. ჩანაწერების თანახმად, პატარკაციშვილის ლიკვიდაცია მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო სანქცირებული.
ამ საქმის ფარგლებში, გიორგი დგებუაძეს, ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილსა და გიორგი მერებაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მომზადებას ედავებიან.
როგორც ცნობილია, დიდ ბრიტანეთში პატარკაციშვილის ცხედარს ექსპერტიზა 14 დღე უტარდებოდა. სკოტლენდ იარდის საბოლოო დასკვნით, გარდაცვალების მიზეზი გულის იშემიური დაავადება გახდა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |