რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების მზარდი ტენდენცია ფიქსირდება.
ამიტომ, გოფოძის თქმით, ყველამ უნდა დაიცვას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაცია.
„ტენდეცია მზარდია. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა მოვერიდით და დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცისა და ასევე ჩვენი დავაადებათა კონტროლის ცენტრის. წარმოუდგენელია, თუნდაც ახლა ამდენი მანქანის მოძრაობა ასეთ დროს. ჩვენ თვითონ არ ვიცავთ ამ წესებს და სხვას რას მოვთხოვთ. რა ამბავია აგერ გახედეთ“ ,- განაცხადა გოფოძემ.
კითხვაზე, თუ ხედავთ საფრთხეს სააღდგომო ლიტურგიაში, გოფოძემ უპასუხა, რომ, კი, რადგან რაც უნდა დისტანცია დაიცვას მრევლმა, ვირუსის გავრცელების რისკი მაინც არსებობს.
„საფრთხეს, რა თქმა უნდა, ვხედავთ, რადგან რაც არ უნდა იყოს და როგორი წესიც არ უნდა იყოს დაცული დისტანცირების და ა.შ. ეს მაინც საფრთხის შემცველია. ვირუსი არის წვეთოვანი გზით გავრცელებადი და ამიტომ დაცული არც ერთი არაფრისგან არ ვართ. თხოვნა იქნება ჩვენი და სამედიცინო საზოგადოების, რომელიც 24 საათიან რეჟიმში ვართ, თავი შევიკავოთ. ძალიან კარგი წინადადება ითქვა დღეს, ყველას გვაქვს ხატები და სალოცავი კუთხე, იქ მოვილოცოთ და ვუყუროთ პირდაპირ ეთერს, რომ ზედმეტი კონტაქტი არ ვაწარმოოთ. ხალხნო, არაფრისგან არ ვართ დაცულები. ვირუსი ვერ განარჩევს ერსა და ბერს. ის ყველაზე მოქმედებს“ , – განაცხადა ლევან გოფოძემ.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |