მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ჰაკერთა ტოპ-ათეული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
764 14 მარტი 2022, 01:34


მარიამ ალავიძე


ჰაკერი - პირველად ეს ტერმინი 1960-იან წლებში გაჩნდა, მას შემდეგ, რაც კომპიუტერი შემოვიდა და ელექტრონულმა სისტემებმა განვითარება დაიწყო.

არსებობს მოსაზრება, რომ ჰაკერი „ყველაფრის მცოდნეს“ ნიშნავს.

რა არის ჰაკერობა?  - ეს არის სისტემისა და ქსელის დაუცველობის იდენტიფიცირებისა და ექსპლუატაციის აქტი, არასანქცირებული წვდომის მისაღებად ამ სისტემებზე.

ჰაკერები იყოფიან ორ ჯგუფად — შავ და თეთრ ჰაკერებად.

თეთრი ჰაკერები დასაქმებულები არიან სამთავრობო ორგანიზაციებში და საფრთხეს საზოგადოებისთვის არ წარმოადგენენ.  თეთრქუდიანმა ჰაკერებმა შეიძლება იმუშაონ კიბერდაცვის ან  პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრებად, რათა გაასწორონ და დაიცვან სისტემები.

ინტერნეტ ეპოქაში, თეთრქუდიან ჰაკერებზე დიდი მოთხოვნაა, რადგან კიბერდანაშაულების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა.

შავქუდიანი ჰაკერები კი, ებრძვიან როგორც თეთრ ჰაკერებს, ასევე, იმ პირებს და სისტემებს, რომლებიც  მიზანში ჰყავთ ამოღებული. შავქუდიანი ჰაკერები მოქმედებენ მავნე განზრახვით.

როგორც ამბობენ, არსებობს უზარმაზარი ნაცრისფერი ტერიტორია, რომელიც „დასახლებულია“ ჰაკერებით, რომლებიც ორივე ქუდს ატარებენ.

CPO Magazine-ის თანახმად, 2021 წელს ჰაკერული თავდასხმებისას მიღებულმა ზარალმა ექვს ტრილიონ დოლარს მიაღწია.

ჰაკერული თავდასხმა მხოლოდ ერთ ღამეს არ მოიცავს. ცნობილ ჰაკერებს ათწლეულობით  დასჭირდათ მუშაობა დაუცველი სისტემების აღმოსაჩენად და სტრატეგიების გასამჟღავნებლად, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს ინტერნეტს და ხელი შეუწყვეს მის თავისუფალ განვითარებას.

ჰაკერგენიოსები სჭირდებათ სპეცსამსახურებს, მათი ოპერაციებით მართავენ ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვით სისტემებს, ან პირიქით - ეს სისტემები მათ მწყობრიდან გამოჰყავთ. ტეხავენ, ხსნიან, აზიანებენ, მართავენ და აწყობენ ქსელებს და პროგრამებს. მათ დაძაბულ და მღელვარე ცხოვრებაზე, გასაოცარ ჰაკეროპერაციებზე იღებენ ფილმებს, წერენ წიგნებს, ლეგენდებად ყვებიან დაუჯერებელ, მაგრამ რეალურ ფაქტებს.

მათ არაერთხელ დაურღვიეს სიმშვიდე უმსხვილეს კომპანიებს, უმდიდრეს ადამიანებს; გატეხეს პენტაგონის ელექტრონული სისტემები, საიდანაც მოიპარეს უმნიშვნელოვანესი ინფორმაციები, დააზიანეს NASA-ს კიბერუსაფრთხოება, მწყობრიდან გამოიყვანეს FBI-ის ქსელი, „გააქრეს“ მილიარდები...

მათვე „განაიარაღეს“ კოლეგა - შავქუდიანები, ეხმარებოდნენ და ეხმარებიან სახელმწიფო უწყებებს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სისტემების გამართვაში.

გთავაზობთ, მსოფლიოს კომპიუტერულ გენიოსთა, ყველაზე გავლენიან ჰაკერთა ტოპ-ათეულს.

ამ ტოპ ჰაკერებიდან ზოგიერთი მიზნად ისახავდა სამყაროს უკეთეს ადგილად ქცევას, ზოგი უცხოპლანეტელების შესახებ თეორიების დამტკიცებას, ზოგს ფული სურდა, ზოგს კი - პოპულარულობა. მიუხედავად ამისა, მათ გადამწყვეტი როლი ითამაშეს ინტერნეტისა და კიბერუსაფრთხოების ევოლუციაში.

1.  კევინ მიტნიკი

ათეულის სათავეში უკვე წლებია ჰაკერ ლეგენდა, ამერიკელი კევინ მიტნიკია.  ის მრავალი წელი ჰაკერობდა, არაერთხელ დააპატიმრეს, გაიარა „კომპიუტერული დამოკიდებულებისგან გათავისუფლების“ კურსი.  მან  მოახრეხა ასეულობით დაცული სისტემების გატხევა და  ამას მიაღწია სოციალური ინჟინერიის წყალობით, რომელსაც ის საუკეთესოდ ფლობდა. მიტნიკი ფსიქოლოგიის საუკეთესო მცოდნე იყო და შეეძლო ადამიანებით მანიპულირება.

კევინ მიტნიკმა თავისი კარიერა თინეიჯერობის ასაკში დაიწყო. 1981 წელს მას ბრალი წაუყენეს Pacific Bell-დან კომპიუტერული სახელმძღვანელოების ქურდობაში. 1982 წელს, მან გატეხა ჩრდილოეთ ამერიკის თავდაცვის სარდლობის სისტემა (NORAD).  სწორედ მისი ეს მიღწევა 1983 წლის ფილმის - „ომის თამაშების“ შექმნის შთაგონებად იქცა.

1989 წელს მან გატეხა ციფრული აღჭურვილობის კორპორაციის (DEC) ქსელი და შექმნა მათი პროგრამული უზრუნველყოფის ასლები. იმის გამო, რომ DEC იმ დროს კომპიუტერების წამყვანი მწარმოებელი იყო, მიტნიკის ამ ქმედებამ ის „შავ სიაში“ შეიყვანა.

მოგვიანებით, მიტნიკი დააკავეს, გაასამართლეს და ციხეში გაგზავნეს. პირობითი მსჯავრის პერიოდში კი,  მან გატეხა Pacific Bell-ის ხმოვანი ფოსტის სისტემები.

მთელი თავისი ჰაკერული კარიერის განმავლობაში, კომპიუტერულ გენიოსს  მის მიერ მოპოვებული მონაცემები არასდროს გამოუყენებია. გავრცელებულია მოსაზრება, რომ მან ერთხელ მოიპოვა სრული კონტროლი Pacific Bell-ის ქსელზე, უბრალოდ, იმის დასამტკიცებლად, რომ ეს შესაძლებელი იყო. 

მისი დაკავების ორდერი გამოიცა სწორედ Pacific Bell-ის  ინციდენტისთვის, მაგრამ მიტნიკი გაიქცა და ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმალებოდა. საბოლოოდ, ის დაიჭირეს და  კომპიუტერული თაღლითობის არაერთი ბრალდებით გაასამართლეს.

საინტერესოა ისიც, რომ პატიმრობიდან გათავისუფლებული მიტნიკის ზედამხედველის ტელეფონი დაიბლოკა, მოსამართლის საბანკო ანგარიშები „გაიყინა“ სამუდამოდ და სასამართლოს კომპიუტერიდან გაქრა ყველა ინფორმაცია მიტნიკი შესახებ.  რა თქმა უნდა, ეს დანაშაულები გაუხსნელი დარჩა. 

მიუხედავად იმისა, რომ მან „თეთრქუდიანი“ ჰაკერის სახელწოდება მიიღო, შეიძლება ჩავთვალოთ ორივე ქუდის - „ნაცრისფერი ზონის“ ნაწილად.

მიტნიკი ბოლოს 1999 წელს დააპატიმრეს, კვლავ ჰაკერობისთვის. დაპატიმრებისას,  მან პოლიციას განუცხადა, საკმარისია, ქუჩის ტელეფონის მილში დავუსტვინო, რომ ბირთვული ომი დაიწყებაო, ამის გამო, ის რვა თვე სამარტოო საკანში გამოკეტეს. 

მიტნიკი ციხიდან 2003 წელს გამოვიდა. მან დაწერა რამდენიმე წიგნი მისი ჰაკერული ცხოვრების შესახებ. 2000 წელს გამოვიდა ფილმი Track Down, რომელიც მის ჰაკერულ ბიოგრაფიას ასახავს. სცენარის ავტორი არის უძლიერესი კომპიუტერული პროგრამისტი ციტომუ შიმომურა, რომელიც თავად გახდა მიტნიკის ჰაკერული ხრიკების მსხვერპლი და რომელიც კარგა ხანს „დასდევდა“ მიტნიკს, რათა მისი ჰაკერული საქმიანობა გამოევლინა. სწორედ შიმომურამ გახსნა მიტნიკის ერთ-ერთი უმსხვილესი ჰაკერული შეტევა.

ამჟამად, მიტნიკი 53 წლისაა და მას თავისი კომპანია აქვს, რომელიც კომპიუტერულ უსაფრთხოებაზე მუშაობს. ის 2005 წლის შემდეგ არ ყოფილა შემჩნეული ჰაკერულ საქმიანობაში. 

2.  Anonymous

Anonymous-მა საქმიანობა დაიწყო 2003 წელს  ინგლისურენოვან იმიჯბორდზე და ანონიმურ ინტერნეტ-ფორუმ  -4chan-ზე. ჯგუფი  ორიენტირებულია სოციალური სამართლიანობის კონცეფციაზე. მაგალითად, 2008 წელს ჯგუფი დაუპირისპირდა საიენტოლოგიის ეკლესიას და დაიწყო მათი ვებსაიტების გამორთვა, რამაც უარყოფითად იმოქმედა Google-ში მათ  რეიტინგზე და გადაავსო მათი ფაქსის აპარატები შავი სურათებით. 

 „ანონების“ ჯგუფმა გაილაშქრა მთელ მსოფლიოში არსებულ საიენტოლოგიის ცენტრების წინააღმდეგ, ახლა უკვე ჩვენთვის კარგად ნაცნობი - Guy Fawkes-ის სახის ნიღბებით.  

რამდენიმე რელიგიური და მსხვილი კორპორატიული საიტისა თუ სერვერის შემდეგ ანონიმების სამიზნე გახდა ისეთი ქვეყნების სამთავრობო ვებგვერდები და სერვერები როგორიცაა აშშ, ისრაელი, ტუნისი, უგანდა თურქეთი და სხვა; ანონიმებმა ასევე გაილაშქრეს ბავშვთა პორნოგრაფიის წინააღმდეგ. საავტორო უფლებების დაცვის უწყებებზე,  ისეთი კორპორაციების წინააღმდეგ, როგორიცაა PayPal, MasterCard, ვიზა და Sony. 

"ანონიმოუსს" საჯაროდ დაუჭირა მხარი ჰაკერულმა დაჯგუფებებმა - LulzSec-მა და AntiSec-მა    და ამის შემდეგ გაერთიანებული ძალებით დაესხნენ თავს აშშ-ს სამთავრობო სააგენტოებს, მედიას, ვიდეო თამაშის კომპანიებს, სამხედრო კონტრაქტორებს, სამხედრო პერსონალის დახურული ინფორმაციის შემცველ სერვერებს.

 „ანონიმოუსი“, როგორც თავად დაჯგუფების წევრები აცხადებენ არის თავისუფალი, არაცენტრალიზებული ორგანიზაცია, რომელიც ერთი იდეის ქვეშ აერთიანებს ჰაკტივისტებს სხვადასხვა ქვეყნებიდან. დაჯგუფება ცნობილი გახდა სამთავრობო, რელიგიურ და მსხვილ კორპორატიულ საიტებზე თავდასხმის შემდეგ.  

"თუ თქვენ იზიარებთ ანონიმოუსის იდეებს, შეგიძლიათ დაუძახოთ თქვენს თავს ანონიმი, იმიტომ რომ თქვენ ანონიმი ხართ!"  - ამბობენ ისინი თავიანთ მიმართვებში, რომლებსაც ვიდეო ჩანაწერების სახით ავრცელებენ ინტერნეტში.  

ჰაკერ დაჯგუფება Anonymous სათვალავშია უკრაინის სასარგებლოდ, რუს ოკუპანტთა ელექტრონულ სისტემებზე მიტანილი მსხვილი კიბერშეტევები. 

3.  ედრიან ლამო

2001 წელს, 20 წლის ადრიან ლამომ გამოიყენა დაუცველი კონტენტის მართვის ინსტრუმენტი Yahoo-ში, რათა შეეცვალა ინგლისის საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის სტატია და დაემატებინა ყალბი ციტატა, რომელიც მიეწერებოდა ყოფილ გენერალურ პროკურორს - ჯონ ეშკროფს. ლამო ხშირად არღვევდა სისტემებს და შემდეგ ამას აცნობებდა, როგორც პრესას, ისე მის მსხვერპლს. იყო შემთხვევებიც, როცა ლამო ამ სფეროში უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით არეულობის დალაგებაში ეხმარებოდა კიდეც ადამიანებს, თუმცა, როგორც Wired აღნიშნავს, ლამო ძალიან შორს წავიდა 2002 წელს, როდესაც გატეხა The New York Times-ის ინტრანეტი, ჩაემატა ექსპერტთა წყაროების სიაში და დაიწყო გამოკვლევების ჩატარება მაღალი დონის საჯარო პირებზე.

ლამოს იცნობენ სახელით „უსახლკარო ჰაკერი“ რადგან მან ამჯობინა ქუჩებში ხეტიალი ერთი ზურგჩანთის ამარამ და ხშირად მას კონკრეტული მისამართიც არ ჰქონდა.   თავის ჰაკერულ ოპერაციებს  ის ყოველთვის საზოგადოებრივი ინტერნეტით - ბიბლიოთეკებიდან, ჰოსტელებიდან, კაფეებიდან და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიდან ახორციელებდა.

ადრიან ლამოს "სისუსტე“ იყო ისიც, რომ ის ტეხავდა კომპიუტერულ სისტემებს და შემდეგ მსხვერპლს უსაფრთხოების ზომების მისაღებად ატყობინებდა ამის შესახებ - რათა მათ სცოდნოდათ სად ჰქონდათ დაშვებული შეცდომა. ამ კეთილშობილური ჟესტისთვის ის ჰონორარს არ იღებდა.

მან გახსნა ამერიკელ სამხედროთა მიერ ერაყში, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული.

ცნობილი ჰაკერი 2018 წელს, 37 წლის ასაკში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

4.   ალბერტ გონსალესი

New York Daily News-ის თანახმად, გონსალესმა, რომლის მეტსახელიც  „სუპნაზი“ იყო,  მაიამის საშუალო სკოლაში დაიწყო თავისი საქმიანობა.   

გონსალეზმა ჰაკერული ჯგუფი Shadowcrew.com ჩამოაყალიბა. ჯგუფის ჰაკერებმა 1.5 მილიონი საკრედიტო ბარათი მოიპოვეს, აყალბებდნენ პასპორტებს, სადაზღვევო პაკეტებს, მოიპარეს დაბადების მოწმობები, რომელთა გამოყენებით მილიონობით დოლარი მოიპოვეს. 

22 წლის ასაკში გონსალესი დააკავეს ნიუ-იორკში, სადებეტო ბარათების „გატეხვისთვის“. 

პატიმრობის თავიდან აცილების მიზნით, ის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმატორი გახდა და სამართალდამცველებს ეხმარებოდა Shadowcrew-ის ათობით წევრის ბრალეულობის გამოაშკარავებაში.

თუმცა, ინფორმატორობის პარალელურად, რაშიც ფულს უხდიდნენ, ის მაინც აგრძელებდა ჰაკერულ საქმიანობას.

თანამზრახველებთან ერთად, გონსალესმა მოიპარა 180 მილიონზე მეტი  სხვადასხვა კომპანიებისგან, მათ შორის იყვნენ, ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორიცაა  OfficeMax, Dave and Buster's და Boston Market.

ჟურნალი The New York Times აღნიშნავს, რომ გონსალესის მიერ 2005 წლის კიბერთავდასხმა აშშ-ს საცალო ვაჭრობაზე, იყო პირველი სერიული მონაცემების დარღვევა საკრედიტო ინფორმაციის მოპოვებისთვის.

პროგრამირებაში ძირითადად გამოყენებადი სტრუქტურული კითხვის ენის გამოყენებით ამ ცნობილმა ჰაკერმა და მისმა გუნდმა შექმნეს „უკანა კარები“ რამდენიმე კორპორატიულ ქსელში და მოიპარეს დაახლოებით 256 მილიონი დოლარი მხოლოდ TJX-ს კომპანიიდან.

ალბერტ გონსალესმა ჰაკერობით მხოლოდ 2 წლის მანძილზე შეაგროვა 170 მილიონი საკრედიტო ბარათი და ბანკომატის ბარათის ციფრები, რომელთა რაოდენობაც ამერიკის მოსახლეობის თითქმის ნახევარს უტოლდებოდა.

2010 წელს, გონსალესი დაიჭირეს და 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

5.  მეთიუ ბევანი და რიჩარდ პრაისი

მეთიუ ბევანისა და რიჩარდ პრაისის  ბრიტანულმა წყვილმა, 1996 წელს  ჰაკერშეტევა მიიტანეს სხვადასხვა სამხედრო ქსელზე, მათ შორის, პენტაგონზე.  

ბევანი („კუჯი“) და პრაისი („მონაცემთა ნაკადის ქოვბოი“) დაადანაშაულეს ლამის მესამე მსოფლიო ომის  დაწყებაში, მას შემდეგ, რაც მათ   პენტაგონის სისტემაში შესვლა  და KARI-ს კვლევა ჩააგდეს. მათ ასევე ჰაკერთავდასხმა განახორციელეს ნატოსა და ნასას ქსელებზე.    

ბევანმა და პრაისმა აჩვენეს, რომ სამხედრო ქსელებიც კი დაუცველია.

BBC-ის ცნობით, მათი საქმე ასევე, ცნობილი კომპიუტერული გენიოსის გარი მაკკინონის შემთხვევას ჰგავს.

გარი მაკკინონი სამხედრო კომპიუტერების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბრიტანელი ჰაკერია, რომლის ექსტრადიციასაც აშშ 2000 წლიდან ითხოვს და სადაც მას 70-წლიანი პატიმრობა ელის, მაგრამ საზოგადოებრივი მხარდაჭერის, გავლენიან პირთა მფარველობისა და სხვა გარემოებების გამო ის აქამდე თავისუფალია.

აშშ მაკკინონს  ბრალს დებდა იმაში, რომ მან გატეხა აშშ-ს თავდაცვის სამინისტროსა და ნასა-ს ასეულობით კომპიუტერი. ასევე, ყველა იმ ორგანიზაციის კომპიუტერული სისტემები, რომელიც დაკავშირებული იყო აშშ-ს თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან. აშშ-ს ხელისუფლების განცხადებით, ის შევიდა პენტანგონის სისტემაში და გაანადგურა ძალზე მნიშვნელოვანი ფაილები, რითაც ფაქტობრივად, პარალიზება გაუკეთა ამერიკის სამხედრო უწყებას.

მას ბრალს სდებენ, რომ 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, გატეხილი კომპიუტერებიდან წაშალა მონაცემები ამერიკის შეიარაღების შესახებ.

6.   ჯონსონ ჯეიმს ანჩეტა

ჯონსონ ჯეიმს ანჩეტას ინტერესის სფერო სულაც არ ყოფილა სისტემების გატეხვა საკრედიტო ბარათის მონაცემების მოსაპოვებლად ან  სოციალური სამართლიანობის უზრუნველსაყოფად.

ჯონსონ ჯეიმს ანჩეტა გახდა ისტორიაში პირველი ჰაკერი, რომელიც დაადანაშაულეს კომპიუტერი-ზომბების - იგივე ბოტების არმიის გამოყენებასა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით აურაცხელი რაოდენობით ვირუსების გავრცელებაში.

ფართომასშტაბიანი „ბოტნეტების“ სერიის გამოყენებით,  2005 წელს მან, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 500 000-ზე მეტი კომპიუტერის დაინფიცირება (მათ შორის, აშშ-ს სამხედრო უწყების კომპიუტერების) შეძლო და მათზე კონტროლი დაამყარა.

Ars Technica-ს თქმით, მან  განათავსა თავის სერვერების რეკლამა და  კლიენტებს ნებისმიერი სახის საიტის გატეხვას სთავაზობდა, რა თქმა უნდა, სოლიდური ანაზღაურების საფასურად.  

ანჩეტა 2005 წელს დაიჭირეს, FBI-ს აგენტმა, ვითომდა, კლიენტმა მისი ნდობა მოიპოვა და „გამოიჭირა“.

ანჩეტას 57-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჰაკერი ციხეში გაგზავნეს ბოტნეტის ტექნოლოგიის გამოყენების გამო.

7.   მაიკლ კალსი

2000 წლის თებერვალში, 15 წლის მაიკლ კალსმა, ასევე ცნობილმა, როგორც "მაფიაბოი", აღმოაჩინა, თუ როგორ გამოეყენებინა უნივერსიტეტის კომპიუტერული ქსელი. მან  ეს კომბინირებული რესურსები იმ დროისთვის ნომერ პირველი საძიებო სისტემის Yahoo-ს „დასანგრევად“ გამოიყენა.  

ერთკვირიანი დროის მონაკვეთში მან ასევე გამოიყვანა მწყობრიდან - Dell, eBay, CNN და Amazon.  DDoS-ის სისტემის გამოყენებით   კორპორატიული სერვერები გადატვირთა და გამოიწვია ვებსაიტების ავარია.

კალსის „გამომაფხიზლებელი ზარი“ ყველაზე შემაძრწუნებელი აღმოჩნდა. დაიწყეს სჯა-ბაასი, რომ თუ მსოფლიოში უმსხვილესი ვებსაიტები, რომელთა ღირებულება მილიარდ დოლარზე მეტია, ასე მარტივად „ტყდებოდა“, მაშინ სხვა ონლაინ სივრცეების უსაფრთხოება როგორი ხარისხისა იყო.   

გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ კალსის ჰაკერობის წყალობით, კიბერდანაშაულის კანონმდებლობის შემუშავება  აშშ-ის მთავრობის მთავარი პრიორიტეტი გახდა.

8. კევინ პულსენი

1983 წელს, 17 წლის პულსენმა, რომელიც იყენებდა მეტსახელს „ბნელი დანტე“ გატეხა   პენტაგონის კომპიუტერული ქსელი. მიუხედავად იმისა, რომ ის მალევე დაიჭირეს, მთავრობამ გადაწყვიტა არ დაესაჯა პულსენი, რომელიც იმ დროს არასრულწლოვანი იყო და მას  გაფრთხილება მისცეს.

თუმცა, პულსენმა არ გაითვალისწინა ეს მსუბუქი სანქცია და გააგრძელა ჰაკერობა.

1988 წელს პულსენმა გატეხა FBI-ის კომპიუტერი და აღმოაჩინა ფაილები, რომლებიც ეხებოდა ფილიპინების გადაყენებული პრეზიდენტს ფერდინანდ მარკოსს. როდესაც დადგინდა ჰაკერის ვინაობა პულსენი იატაკქვეშეთში დაიმალა და კვლავ განაგრძო სამთავრობო სისტემებზე შეტევები და აქვეყნებდა მოპოვებულ საიდუმლო მასალებს.

მისივე ვებგვერდის მიხედვით, 1990 წელს მან  გატეხა ლოს ანჯელესის რადიოსადგურ KIIS-FM-ის სატელეფონო ქსელი, იმ დროს, როცა პირდაპირ ეთერში მიდიოდა გათამაშება, რა დროსაც, მოიგო Porsche 944 S2,  $20,000 და სხვა ძვირდღირებული პრიზები. 

NBC-ის ერთ-ერთი გადაცემის მსვლელობისას, რომელშიც გაუხსნელ დანაშაულებებზე იყო საუბარი, პოულსენის სურათიც აჩვენეს და მის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ითხოვეს, მოულოდნელად ტელეკომპანიის სატელეფონო ქსელი სრულად  გამოვიდა  მწყობრიდან.

ის სისტემების  და ქსელების ბლოკირების უნაკლო  შემსრულებელი იყო. თავის ნიჭი კეთილი მიზნებისთვისაც გამოიყენა, მაგალითად, ავლენდა ადამიანებს, რომლებიც ქსელ MySpace-ში ბავშვთა პორნოს მომხმარებლები იყვნენ.

პულსენი მალევე დააკავეს და სამი წლით აუკრძალეს კომპიუტერის გამოყენება. მას შემდეგ ის გახდა თეთრქუდიანი ჰაკერი და ჟურნალისტიკაში წავიდა.

წერდა კიბერუსაფრთხოებასა და ინტერნეტთან დაკავშირებულ სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებზე Wired-ისთვის, The Daily Beast-ისთვის და საკუთარი ბლოგის Threat Level-ისთვის.

პულსენი  გაერთიანდა სხვა წამყვან ჰაკერებთან   და მათთან ერთად მუშაობს პროექტებზე, რომლებიც სოციალურ სამართლიანობასა და ინფორმაციის თავისუფლებას ეძღვნება.  

ყველაზე გამორჩეული იყო  კოლეგებთან - ადამ შვარცთან და ჯიმ დოლანთან მუშაობა ღია კოდის პროგრამული უზრუნველყოფის SecureDrop-ის შემუშავებაზე, რომელიც თავდაპირველად ცნობილი იყო, როგორც DeadDrop. ეს არის  ჟურნალისტსა და წყაროს შორის კომუნიკაციის უსაფრთხო პროგრამა, რომელიც პულსენმა  პრესის თავისუფლების ფონდს გადასცა.


9.  ჯონათან ჯეიმსი

ჯონათან ჯეიმსმა, ჰაკერული მეტსახელი comrade,   New York Times-ის თანახმად, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის კომპიუტერების გატეხვით მიიპყრო  საზოგადოების ყურადღება.  ჯეიმსი იმ დროისთვის მხოლოდ 15 წლის იყო.

PC Mag-თან ინტერვიუში ჯეიმსმა აღიარა, რომ  შთაგონებული იყო წიგნით - გუგული კვერცხი, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი 1980-იან წლებში კომპიუტერულ ჰაკერზე ნადირობის ამბავი.

ამერიკელი ჯონათან ჯეიმსი გახდა პირველი არასრულწლოვანი ჰაკერი, რომელიც კიბერტერორიზმისთვის გაასამართლეს.

1999 წელს 15 წლისამ გატეხა მისივე სკოლის კომპიუტერული სისტემა, კომპანია  Bell South-ის სატელეკომუნიკაციო ქსელი და შევიდა აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს სერვერზე, საიდანაც მოიპარა თანამშრომელთა სამი ათასზე მეტი ელექტრონული წერილი, გატეხა ნასა-ს სერვერი და მოიპარა  პროგრამა, რომელიც განკუთვნილი იყო  საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე სიცოცხლის შენარჩუნების სისტემების მართვისთვის. ჯეიმსი ამ დროს მხოლოდ 15 წლის იყო. მის მიერ განხორციელებული შეტევა ნასას - მილიონ 700 ათასი დოლარი დაუჯდა, იმ პროგრამული უზრუნველყოფის  თავიდან შექმნისთვის,  რაც ჯეიმსმა დააზიანა.

ჯეიმსი დააპატიმრეს 2000 წელს და მიესაჯა ექვსთვიანი შინაპატიმრობა და აეკრძალა კომპიუტერის რეკრეაციული გამოყენება. თუმცა ამ უკანასკნელის დარღვევის გამო მას ციხეში მოუწია ექვსი თვის გატარება.

ჯეიმსის ერთ-ერთი მსხვილი კიბეროპერაცია იყო TJX-ის მომხმარებელთა პირადი მონაცემების გატეხვა. 2007 წელს, TJX უნივერმაღაზიის კიბერსისტემა გატყდა და ათასობით მომხმარებლის პირადი ინფორმაცია გაიშიფრა, მათი საბანკო მონაცემებით  ანგარიშებიდან "გაქრა" მილიონობით დოლარი.  

მიუხედავად არასაკმარისი მტკიცებულებებისა, ხელისუფლება ეჭვობდა, რომ ამ მსხვილ კიბერთავდასხმაში შეიძლება ჯეიმსი ყოფილიყო გარეული.

2008 წელს ჯეიმსმა ცეცხლსასროლი იარაღით თავი მოიკლა. Daily Mail-ის ცნობით, მის სუიციდის ჩანაწერში ნათქვამია: „მე არ მჯერა  მართლმსაჯულების სისტემის. შესაძლოა, ჩემი დღევანდელი ქმედება და ეს წერილი უფრო ძლიერ გზავნილია საზოგადოებისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში, მე დავკარგე კონტროლი ამ სიტუაციაზე და ეს არის ჩემი ერთადერთი გზა კონტროლის დასაბრუნებლად. ”

TJX-ის კლიენტთა მონაცემების გატეხვამდე მან განაცხადა, რომ აპირებს შექმნას საკუთარი კომპანია, რომელიც კომპიუტერულ უსაფრთხოებაზე იმუშავებდა.

მართალია, მისი გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიად თვითმკვლელობა დასახელდა, მაგრამ მისი მეგობრები ვარაუდობენ, რომ ის მოკლეს. სავარაუდოდ, მას სპეცსამსახურებმა მსხვილი საქმე შეასრულებინას და შემდეგ, დიდი ინფორმაციის მფლობელი მოიშორეს.  

10.   ასტრა

ეს ჰაკერი სიაში მყოფთაგან იმით განსხვავდება, რომ  არასდროს ყოფილა საჯაროდ იდენტიფიცირებული. თუმცა, Daily Mail-ის ცნობით, ASTRA-ს შესახებ გარკვეული ინფორმაცია მაინც გავრცელდა. კერძოდ, ის, რომ  ხელისუფლებამ 2008 წელს დააკავა, 58 წლის ბერძენი მათემატიკოსი. რომელიც სავარაუდოდ, ჰაკერი "ასტრა" უნდა ყოფილიყო. სხვა დეტალები ამ დაკავების შესახებ არ გასაჯაროვებულა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ASTRA  დიდი ხნის მანძილზე ჰაკავდა Dassault Group-ის სისტემას. ამ დროის მანძილზე მან მოიპარა იარაღის ტექნოლოგიური პროგრამული უზრუნველყოფა და მონაცემები, რომლებიც შემდეგ მიჰყიდა მსოფლიოს მასშტაბით 250 ადამიანს. 

მისი ამ ქმედების Dassault Group-ს 360 მილიონი დოლარის ზარალი მიადგა. არავინ იცის, რატომ არასოდეს გაუმჟღავნებია  ვინაობა, მაგრამ ცნობილია, რომ სიტყვა  ASTRA  არის სანსკრიტი სიტყვა - "იარაღისთვის“. 

 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი